„ოლდ ტრეფორდზე“ გუშინ შეხვედრას ახალი შეფი მართავდა — რალფ რანგნიკი. გერმანელის დებიუტი წარმატებული გამოდგა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „კრისტალ პალასს“ 1:0 მოუგო.

მანჩესტერელებმა სოლიდურად ითამაშეს და ფრედის ლამაზი გოლით გაიმარჯვეს. ინგლისელი ჟურნალისტები ხაზს უსვამენ, რომ არასტაბილურობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ „იუნაიტედის“ მიერ „არსენალის“ 3:2 ძლევის დროს შესამჩნევი იყო, ამ შეხვედრაში აღარ შეინიშნებოდა. ხოლო რანგნიკი იყო ერთადერთი, ვინ სხვებისგან განსხვავებით სანახაობით კი არ იყო გართული, არამედ ჩაფიქრებული, ანალიტიკოსის თვალით უყურებდა შეხვედრას. მას ამაღელვებელი სპექტაკლის ცქერა არ უნდოდა. მას უნდოდა ზუსტად ის, რაც მოედანზე ხდებოდა.

რანგნიკის იდეა ასეთია: ბურთი შენი კარიდან რაც შეიძლება შორს უნდა ტრიალებდეს; ბურთს შენ უნდა ფლობდე; და ბოლოს გოლი უნდა შეაგდო.

შემადგენლობა, რომელიც რანგნიკმა მოედანზე გაიყვანა, არ განსხვავდებოდა იმ შემადგენლობისგან, რომელმაც „არსენალთან“ ითამაშა, მაგრამ სხვა იყო ფეხბურთელთა განლაგება. გერმანელის ხელში ვიხილეთ 4-2-2-2. მცველთა ოთხეული და ჩამშლელი ნახევარმცველები იგივენი იყვნენ, დანარჩენები კი წინ ასე გადანაწილდნენ: ჯერ ჯეიდონ სანჩო და ბრუნო ფერნანდეში, თავდასხმაში კი მარკუს რეშფორდი და კრიშტიანუ რონალდუ.

ბრიტანელი მიმომხილველების აზრით, ახალმა განლაგებამ მეტოქისთვის „იუნაიტედის“ კომბინაციების ამოცნობა გააძნელა. მანჩესტერლთა განზრახვის მიხვედრა ოლე გუნარ სულშერის დროინდელი 4-2-3-1-ის დროს უფრო ადვილი იყო. გარდა ამისა, რანგნიკის მიდგომამ მეტი მოძრაობა და რონალდუს მეტი მხარდაჭერა მოიტანა.

კარგა ხანია, რაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ თამაშის სადავეები ხელთ ასე მყარად არ ჩაუგია. უკვე შესვენებისას, მანკუნიანელთა ბურთის ფლობის პროცენტი იყო 66, დარტყმების შეფარდება 13/5, ხოლო კუთხურების — 7/1.

13 დარტყმა „იუნაიტედს“ პრემიერლიგის წინა ორ შეხვედრაში ერთად თუ ჰქონდა.

თუმცა, იყო პრობლემაც. 13 დარტყმიდან 11 მიზანს აცდა. კარის ჩარჩოში დამიზნების მაჩვენებლით „იუნაიტედი“ და „კრისტალ პალასი“ თანაბრად იყვნენ.

და მაინც, ინგლისელმა ჟურნალისტებმა უარყოფითზე მეტი დადებითი დაინახეს. მათ ხაზი გაუსვეს, რომ პერიოდულად „იუნაიტედი“ „სიტის“ ემსგავსებოდა, როდესაც უკან ორი ცენტრალური მცველით რჩებოდა, ხოლო ფლანგის მცველები ნახევარმცველებად გარდაიქმნებოდნენ. აგრეთვე არ გამართლდა ხმები, რომ კრიშტიანუ რონალდუ რანგნიკის ტაქტიკას ვერ მოერგებოდა.

რაც შეეხება თამაშის მომენტებს, მათი სიტყვიერი აღწერით აქ თავს არ შეგაწყენთ. ისინი შეგიძლიათ ქვემოთ, ვიდეოზე ნახოთ.