ხავიერ ტებასი

ლა ლიგის პრეზიდენტის ხავიერ ტებასის გეგმები ირყევა. ბევრჯერ დაგვიწერია, რომ მან თანამშრომლობა წამოიწყო  ბრიტანულ საინვესტიციო ფირმასთან სახელწოდებით CVC Capital Partners და ამ თანამშრომლობას „პროექტი იმპულსი“ დაარქვა. ლაპარაკია ესპანური კლუბებისთვის დიდძალი თანხის გამოყოფაზე, მაგრამ სამმა კლუბმა „რეალმა“, „ბარსელონამ“ და „ბილბაომ“ პროცესში მონაწილეობა არ ისურვა.

როგორც კატალონიურმა გაზეთმა „სპორტმა“ შეიტყო, ხსენებულმა კლუბებმა ტებასს ალტერნატიული პროექტი შესთავაზეს.

დიდი თათბირი, რომელშიც 39 ესპანური კლუბი მიიღებს მონაწილეობას, 10 დეკემბერს გაიმართება. ეს კლუბები, სავარაუდოდ, „ პროექტ იმპულსს“ დაუჭერენ მხარს. „ვალენსია“ მისი წყალობით დაწყებული და მიგდებული სტადიონის „ახალი მესტალიას“ დამთავრებასაც კი აპირებს. თუმცა, „რეალს“, „ბარსელონას“ და „ბილბაოს“ სხვა იდეა აქვთ. მათ სურთ თანხა იგივე დატოვონ — 2 მილიარდი ევრო — ოღონდ იმ პირობით, რომ კრედიტი დამფინანსებლებისთვის გაცილებით მალე იყოს დასაბრუნებელი. მათ ვერსიაში დამფინანსებლები არიან JP მორგანი, HSBC და Bank of America.

CVC-ს „პროექტი იმპულსი“ 50 წლიანია.

ტებასმა სამეულის წინადადებას კონცეპტუალური და დაუმუშავებელი უწოდა, კლუბებმა კი მისი ეს ნათქვამი გააპროტესტეს. მათ თქვეს, რომ მათ ვარიანტში გარანტია იგივეა რაც CVC-ს შემთხვევაში, მაგრამ ეკონომიკური ეფექტი სულ სხვა ექნება.