„ვანდა მეტროპოლიტანოზე“ სენსაცია მოხდა: „ატლეტიკოსა“ და „მალიორკას“ თამაშის ბოლოწამს, მსაჯის წამატებულ წუთებში (91-ზე) ტაკეფუსა კუბომ გოლი შეაგდო და სტუმრებს 2:1 მოაგებინა.
ანგარიში მატეუს კუნიამ 68-ე წუთზე გახსნა. ეს ამბავი ჩვეულებრივი ლოგიკის ფარგლებში ზედმიწევნით ზუსტად ჯდებოდა — დიეგო სიმეონეს გუნდი, როგორც უნდა ყოფილიყო, მორიგი სამი ქულის ჩასაწერად ამზადებდა ნიადაგს. მაგრამ მე-80 წუთზე ფრანკო რუსომ ანგარიში გაათანაბრა, ბოლოს კი კუბომ თავისი შავი საქმე გააკეთა.
წაგებამ „ატლეტიკო“ მეოთხე ადგილზე „ჩააგდო“. „მალიორკამ“ მიმდინარე სეზონში მეოთხე თამაში მოიგო და მე-12 ადგილზეა.
„ატლეტიკოს“ შემდეგი მატჩი სამშაბათს, პორტუგალიაში უწევს. ეს არის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა „პორტუსთან“, რომელიც დიეგო სიმეონეს გუნდმა აუცილებლად უნდა მოიგოს.