ამას ვერავინ წარმოიდგენდა, ალბათ არც თავად ამ სენსაციის მომხდენი ხალხიც კი. მაგრამ ფაქტს ვერსად გავექცევით – „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასზე პირველი მარცხი იწვნია, თანაც ვისგან? რუსეთის ვიცე-ჩემპიონ „ლოკომოტივ-პენზასგან“, რომელსაც ქართულმა ფრენჩაიზმა პირველ წრეში პენზაშივე ბონუსით, 27:11 მოუგო.
უფრო მეტიც, რუს „რკინიგზელებს“ აღმოსავლეთ კონფერენციის ოთხივე გამართული მატჩი წაგებული ჰქონდათ და უცებ… თბილისში პოტენციურ ლიდერად ჩამოყალიბებულ და სრულიად ტურნირის უპირველეს ფავორიტად მიჩნეულ „შავ ლომს“ შავ დღეს აყრიან და 19:16 ამაცხებენ!
ჩვენი გუნდის ამ მარცხს ათას გამართლებას მოუძებნიდა კაცი – სათამაშო პრაქტიკის დეფიციტი, გადახალისებული შემადგელობა, ლიდერების არყოფნა და ვინ იცის, კიდევ რა. მაგრამ როცა იცი, რომ თამაში აუცილებლად მოსაგებია, მეტი მობილიზებით უნდა მიუდგე საქმეს და მოიგო კიდეც.
ჩემი აზრით, სწორედ ამ მომენტმა გვიმტყუნა – მეტოქე ვერ შევაფასეთ სათანადოდ და არც იქაური ქართული ლეგიონის განეიტრალება მოვახერხეთ.
პირველი ტაიმი ფრედ – 11:11 დასრულდა. ჯერ გიორგი ბაბუნაშვილმა და სერგეი იანიუშკინმა ზუსტი ჯარიმები გაცვალეს, მერე იანიუშკინმა მეორეც გაგვიტანა და ეს იყო პირველი გამაფრთხილებელი სიგნალი. ამას მალევე მრავალნაცადი სანდრო თოდუას შედეგიანი შეტევა მოყვა – 8:6, ხოლო ბაბუნაშვილმა გარდასახვა ააცილა. სამაგიეროდ, ცოტა ხანში მან კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა – 11:6. ტაიმის მიწურულს კი სტუმართა ქართველმა ბურჯმა ტარიელ დონაძემ დაგვალელოვა და იანიუშკინმა ბაბუნაშვილივით ააცილა გარდასახვა.
მეორე ნახევრის დებიუტში ჩვენმა ბიჭებმა მოლი ააგორეს,რომელსაც მალევე მოწყდა მისი ღერძი ლაშა ჯაიანი და ლელოში ბურთიანად შეაგზავნა თენგო პერანიძე – 16:11 და ბაბუნაშვილი კვლავ აცილებს. თუმცა, „შავი ლომის“ არეული თამაში დიდ ოპტიმიზმს, პირდაპირ ვთქვათ და, არ ასხივებდა. სტუმართა რიგებში მეხუთე ქართველის – ბორჯღალოსანი გიორგი ჭყოიძის გამოჩენა სიტუაციის შემობრუნებას დაემთხვა.
სულ მალე სწრაფი კარზანოვი მეურვეებს დაუსხლტა და მეორე ლელო დაგვიდო, რომელიც იანიუშკინმა კვლავ ვერ გარდასახა. გუნდის კაპიტნის ამ უზუსტობამ პენზელებს ვერაფერი დააკლო და მასპინძელთა მორიგი შეცდომის შემდეგ ბურთთან მის ნაცვლად რეზო ბროძელი მივიდა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 16:19.
დარჩენილ 10 წუთში „შავ ლომს“ არაერთი კარგი შეტევა გამოუვიდა, მაგრამ ყოველ ჯერზე ბურთის დაკარგვამ ყველაფერი წყალში ჩაყარა.
ცხრილში ორი ლიდერია -„შავი ლომი“ და „ენისეი“. ზუსტად ერთ კვირაში, ავჭალაშივე, 17 საათზე სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და ასეთი თამაშით ქართველებს დიდი შანსები მაინცდამაინც არ უნდა ჰქონდეთ…