როგორც იქნა, დაბრუნდა ის დრო, როცა საქართველოში საერთაშორისო სარაგბო მატჩს სტადიონის ტრიბუნებიდან თვალ-ყურს გულშემატკივრები ადევნებენ. მერე რა, რომ ისედაც არცთუ ტევადი „ავჭალა“ მხოლოდ 30%-ით შეივსება. მთავარია, რომ უამრავი ადამიანი კვლავ შეიგრძნობს რაგბის სულისკვეთებას არა ტელეეკრანთან მჯდომი, არამედ მოქმედების უშუალო სიახლოვეს, უმთავრესი კი ისაა, რომ ქართველ მორაგბეებს დაემატებათ მე-16 მოთამაშე, რომელიც ესოდენ აკლდა აგერ უკვე თითქმის ორი წელი.

შაბათს „ავჭალაზე“ „შავი ლომი“ ევროპის სუპერთასის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში თავის მესამე მატჩს გამართავს. პანდემიამ ძალიან არია ეს ტურნირი, განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნახევარში. ჯერ იყო, და ამ მიზეზით „შავმა ლომმა“ და „თელ-ავივ ჰითმა“ ტურნირი დაგვიანებით დაიწყეს, შედეგ კი ჩვენს გუნდს გადაედო მატჩი უმთავრეს კონკურენტთან – კრასნოიარსკის „ენისეისთან“. მაშინაც კორონავირუსის ბრალი იყო –  რუსეთში ვითარება ისე გამწვავდა, რომ საზღვრების ჩაკეტვა მოუწიათ და ეს თამაში ალბათ გაზაფხულზე გაიმართება.

„შავი ლომის“ მორიგი მეტოქე კი რუსეთის ვიცე-ჩემპიონი „ლოკომოტივ-პენზაა“, რომელსაც ჩვენმა გუნდმა სტუმრად ბონუსით – 27:11 აჯობა. გარდა ამისა, პენზელებმა ყველა დანარჩენი მატჩიც წააგეს და პლეი-ოფში გასვლის ყველა შანსი უკვე დაკარგეს. თუმცა ისინი თბილისს საუკეთესო შემადგენლობით ეწვივნენ. რუსული კლუბის სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად 4 ქართველია – ნიკა ცირეკიძე, ტარიელ დონაძე, რეზო ბროძელი და ბორჯღალოსანი ილია სპანდერაშვილი. რაც შეეხება ამ გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, კვაჭი გიორგი ჭყოიძე კლუბში ნაკრებიდან დაბრუნდა და შაბათის მატჩში მარქაფიდან ჩაებმება.

„შავი ლომის“ კვართს პირველად მოირგებენ ნიკოლოზ ხატიაშვილი, ლაშა ჯაიანი, იოსებ გუშარაშვილი, ნიკა აბულაძე, სანდრო სვანიძე და გურამ ქანდაურაშვილი. ჯაიანმა ორი კვირის წინ ფიჯის წინაამდეგ კარგად ითამაშა და ეტყობა, რომ ჩვეულ ფორმაში შედის. დანარჩენმა ჩამოთვლილებმა კი ტრავმები მოიშუშეს და შაბათს დებიუტი ექნებათ.

პენზელების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს კაპიტანი მერაბ შარიქაძე – მას ხელის თითი აქვს მოტეხილი და გუნდს სათამაშოდ ვეტერანი ლაშა ხმალაძე გაიყვანს. თამაში 16 საათზე დაიწყება.

1.ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი, 9. თენგიზ პერანიძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 11. სანდრო თოდუა, 12. ლაშა ლომიძე, 13. დემე თაფლაძე, 14. მირიან მოდებაძე, 15. ლაშა ხმალაძე (კაპიტანი).

მარქაფა: 16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკა აბულაძე, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია, 21. ლუკა მატკავა, 22. სანდრო სვანიძე, 23. გურამ ქანდაურაშვილი.