მაიკლ ქერიკი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წავიდა! ეს, წუხელ, მანჩესტერელთა მიერ „არსენალის“ 3:2 ძლევიდან რამდენიმე წუთში მოხდა. ყოფილმა ნახევარმცველმა „ოლდ ტრეფორდზე“ გატარებული 15 წლის შემდეგ რალფ რანგნიკის ასისტენტობას საყვარელ კლუბთან გამოთხოვება არჩია.
40 წლის ქერიკი „იუნაიტედში“ 2006 წელს, „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ გადავიდა. ლონდონელებმა ის 18 მილიონ გირვანქად გაყიდეს. ამის შემდეგ, 12 წლის განმავლობაში ქერიკი „იუნაიტედის“ ფეხბურთელი იყო. მან 464 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა.
ქერიკი ნახევარდაცვის ცენტრში თამაშობდა. მან ხუთჯერ მოიგო პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული, 2018 წელს კი თამაშს თავი დაანება და მწვრთნელთა შტაბში გადაბარგდა.
მას მერე, რაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ თანამდებობიდან ოლე გუნარ სულშერი მოხსნა, ქერიკი მის მოვალეობას ასრულებდა. ის მანჩესტერელთა ახალი, მაგრამ მაინც დროებითი მწვრთნელის რალფ რანგნიკის მოსვლამდე სამ შეხვედრაში გაუძღვა გუნდს. მისი ხელმძღვანელობით „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგაში სძლია „ვილიარეალს“, პრემიერლიგაში ფრედ ითამაშა „ჩელსისთან“ და მოუგო „არსენალს“.
ქერიკმა თქვა: „თხუთმეტი წლის წინ, როდესაც ამ დიდ კლუბში გადმოვედი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამდენ ტიტულს მოვიგებდი. არასდროს დამავიწყდება დრო, რომელიც აქ ფეხბურთელისა და ერთ-ერთი მწვრთნელის რანგში გავატარე, მაგრამ, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ახლა წასვლა ჯობს. დიდი მადლობა ყველა ფეხბურთელსა და თანამშრომელს.
მე ყოველთვის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანად დავრჩები და როდესაც კი შესაძლებლობა მექნება, მხარის დასაჭერად სტადიონზე მოვალ. რალფს, მწვრთნელთა შტაბსა და ფეხბურთელებს დიდ წარმატებას ვუსურვებ.
ფეხბურთის თამაშს თავი რომ დავანებე, ოჯახს მათთან ყოფნას დავპირდი, მაგრამ ვერ მოვახერხე. ახლა მინდა ეს დანაკლისი ავანაზღაურო. გარკვეული პერიოდი უნდა დავისვენო. მაგრამ, არ გავქრები. აუცილებლად დავბრუნდები ფეხბურთში“.