სათამაშო ბიზნესი ჩაძირვის პირასაა. მთავრობას პარლამენტში შეაქვს ახალი კანონპროექტი (თუ უკვე არ შეიტანა), რომლის მიხედვითაც ონლაინ-ტოტალიზატორებს გადასახადები 70 პროცენტამდე უნდა გაეზარდოთ; უნდა აეკრძალოთ სარეკლამო საქმიანობა; უნდა აიკრძალოს 25 წლამდე მოქალაქეების ვერიფიკაცია… ეს პირველ ეტაპზე, დრო და დრო კი უარესსაც უნდა ველოდოთო, ამბობენ სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებმაც მედიას თავიანთი ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი მამულაიშვილი წარგვიდგინეს და გავიგეთ, რომ:
– სათამაშო ბიზნესის ასოციაცია და მთელი ინდუსტრია არის სრულ გაურკვევლობაში. მოსალოდნელი რეგულაციების შესახებ მთავრობიდან კავშირზე არავინ გამოდის, მხოლოდ მედიის საშუალებით გვესაუბრებიან. არ აინტერესებთ ჩვენი აზრი, ჩვენი პოზიცია. მართალია, მთავრობის მხრიდან გაჟღერდა კონსულტაციების შესახებ დაპირებები, მაგრამ საქმე ამის იქით აღარ წასულა.
… ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი მატერიალური ცვლილებების მიღება დაჩქარებული წესით და მეორე მხარესთან კონსულტაციების გარეშე. მთავრობის განცხადებაში აქცენტი გაკეთდა სექტორისათვის საგადასახადო ვალდებულებების გაზრდის საჭიროებაზე. ეს იმ პირობებში, როდესაც არსებული საგადასახადო ტვირთი ისეც მძიმეა და 40 % შეადგენს, რაც დაახლოებით 30 % მეტია სხვა ბიზნესებთან შედარებით. ონლაინ ინდუსტრიის თვის გადასახადების 70 %-მდე გაზრდა კი შეუძლებელს ხდის ბიზნესის მომავალ საქმიანობას. საგადასახადო კანონმდებლობაში მოსალოდნელი ცვლილებები ასევე ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრულ გარანტიებს და არღვევს დიდ ბრიტანეთთან და შვედეთთან გაფორმებულ „ინვესტიციების დაცვის შესახებ“ ხელშეკრულებით დადგენილ პირობებს.
… მოსალოდნელი ცვლილებები უდიდეს უარყოფით გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკის არაერთ სექტორზე – სპორტი, მედია, ტელეკომუნიკაცია, აიტი თუ ფინანსური სფერო. ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესებასთან ერთად გაიზრდება უმუშევართა რაოდენობა. გეტყვით, რომ დღეს ჩვენთან და ჩვენთან დაკავშირებულ სამსახურებში ათასობის მოქალაქეა დასაქმებული. მთლიანად ქვეყანაში კი შეგახსენებთ, მოსახლეობის 22% პროცენტი უმუშევარია.
… ქვეყანაში, სადაც ქმედითუნარიანობის ასაკი 18 წელია, ხოლო არჩევით თანამდებობაზე დაშვებულია 21 წლიდან პირის არჩევა, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები, მოთამაშეთა ასაკის ზღვარის 25 წლამდე გაზრდა სრულიად დაუსაბუთებელია. სრულწლოვანი მოქალაქისთვის ასაკობრივი ცენზის დაწესებით იზღუდება მისი უფლებები, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.
… საქართველოს მთავრობისგან გაჟღერებული შესაძლო აკრძალვები განსაკუთრებით თვალშისაცემია იმ პირობებში, როცა მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებს საპირისპირო კურსი აქვთ აღებული. მაგალითად აშშ-ში პერიოდულად იზრდება იმ შტატების რაოდენობა, სადაც ნებადართულია ონლაინ თამაშები. სათამაშო ბიზნესის აკრძალვა არ წარმოადგენს თამაშის, გართობის შეზღუდვისა და თამაშდამოკიდებულების აღმოფხვრის საშუალებას, ვინაიდან აკრძალვის პირობებშიც თამაში გაგრძელდება არალეგალურ გარემოში და გაიზრდება კრიმინალი. მეტიც, დაანონსებული ცვლილებები გამოიწვევს მომხმარებელთა გადინებას უცხოურ, არალიცენზირებულ ვებ-გვერდებზე, სადაც ასაკობრივი ზღვარი 18 წელია.
… დღევანდელი მოცემულობით, მთავრობა თუ შეინარჩუნებს ცალმხრივ პოზიციას და არ წამოვა ბიზნესთან კონსტრუქციულ დიალოგზე, იძულებულნი ვიქნებით მოვახდინოთ ხარჯების ოპტიმალიზაცია, უარი ვთქვათ მთელ რიგ სოციალურ თუ სხვა პროექტებზე, მათ შორის სპონსორობაზე. და ვინაიდან გაცხადებული ცვლილებებით აზრი ეკარგება ბიზნესის სპორტულ ნაწილს, ბიზნესი იძულებული გახდება განიხილოს ონლაინ-ტოტალიზატორის გათიშვის საკითხი, – თქვა ხალხმრავალი შეხვედრისას გიორგი მამულაიშვილმა.