ინგლისში ერთმანეთს ვეტერანებმა შეუტიეს. ჯეიმი კარაგერი და რიო ფერდინანდი ნაკრებში თანაგუნდელები იყვნენ, მაგრამ „სიბერეში“ ერთმანეთზე მწარეების ლაპარაკი დაიწყეს. ჯერ ფერდინანდმა თქვა კარაგერზე აუგი, მერე კი კარაგერმა უპასუხა.
ყველაფერი კარაგერის და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი კაპიტნის როი კინის ცხარე კამათით დაიწყო. კამათის მიზეზი გახლდათ კრიშტიანუ რონალდუ. კინმა პორტუგალიელი აქო, „ლივერპულის“ ყოფილმა ვარსკვლავმა კი აკრიტიკა. ფერდინანდის კომენტარიც ამის გამოძახილი იყო. მან თქვა, კარაგერი ჩემპიონის ტიტულების მოგებაზე რატომ ლაპარაკობს, საიდან იცის ეს რა ხილიაო.
„კარაგერი ჩემპიონის ტიტულზე არ უნდა ლაპარაკობდეს, რადგან არასდროს მოუგია. მას წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს იყო ჩემპიონი; მან არ იცის როგორ უნდა გახდე ჩემპიონი. ის არასდროს ყოფილა ჩემპიონი გუნდის ლიდერი.
ამიტომ, როდესაც ასე თავდაჯერებულად დაიწყო ლიგის მოგებაზე ლაპარაკი, თავი ვეღარ შევიკავე. კი ბატონო, მას შეუძლია გვიამბოს სათასო ტურნირებზე, მაგრამ როდესაც ჩემპიონატში გამარჯვებას გვასწავლის, მე ტელევიზორს ხმას ვუთიშავ,“ — თქვა ფერდინანდმა იუთუბზე, თავის გადაცემაში Vibe with Five.
კარაგერი ფერდინანდის შეტევამ ცხადია გააბრაზა და კოლეგას ტვიტერით ასეთი პასუხი გასცა:
„მე ტიტულებზე კი არა, რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლაზე ვლაპარაკობდი. დიახ, პრემიერლიგა არ მომიგია, მაგრამ „სქაი სპორტის“ ექსპერტი ვარ. იქ, ჩემი შეხედულებები მოსწონთ.
ისე, არც შენ მოგიგია ჩემპიონის ტიტული ალექს ფერგიუსონის გარეშე. და როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წახვედი, „ჩელსიში“ გინდოდა გადასვლა, ასე რომ გეხვეწები, თავს „იუნაიტედის“ დიდ ფანად ნუ წარმოაჩენ“.
სერ ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ 2013 წელს წავიდა და რიო ფერდინანდი მართლაც მიჰყვა — „ქუინზ პარკ რეინჯერსში“ გადაბარგდა. მეორე მხრივ, მისი და „ჩელსის“ ამბავი არავის არასდროს უხსენებია. არ არის გამორიცხული, რომ კარაგერს რაღაც შეეშალა. თავად ფერდინანდი კი ამბობს, რომ „არსენალში“ უნდოდა მოწყობა:
„ჩემი ყველაზე გიჟური აზრი „არსენალში“ მისვლა იყო. ვენგერს ველაპარაკე. ვუთხარი: მისმინე არსენ, მე „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ მივდივარ და თუ გინდა თქვენთან გადმოვალ, გასახდელში ჩემს სიტყვას ვიტყვი. საბრძოლო სულისკვეთებას ავამაღლებ. ამ მხრივ აშკარად ჩავარდნა გაქვთ.
მაგრამ, მან არ ამიყვანა და მართალიც იყო, რადგან „ქუინზ პარკ რეინჯერსში“ სათანადოდ უკვე ვეღარ ვთამაშობდი.
თუმცა, გასახდელში ჩემს სიტყვას ნამდვილად ვიტყოდი. გასახდელი საფეხბურთო კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია“.