ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი მარტინ სამუელი, რომელსაც ფაქტობრივად ბრიტანეთის ყველა პრესტიჟულ გამოცემაში უმუშავია, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალ, ოღონდ ჯერ მაინც დროებით მწვრთნელ (6 თვიანი ხელშეკრულება უნდა გააფორმოს) რალფ რანგნიკზე „დეილი მეილში“ წერილს აქვეყნებს. შესავალში ის ბრიტანეთში პოპულარულ სიტკომს „სეინფილდს“ იხსენებს და გვიხსნის, რომ ამ სერიალში არის გმირი სახელად ჯორჯი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტს, რომ ყველაფერი, რაც ცხოვრებაში გაუკეთებია, ტანსაცმლისა და საჭმლის არჩევის ჩათვლით, შეცდომა იყო და ამბობს, პირიქით უნდა მოვქცეულიყავიო. სწორედ ეს ამბავი გაახსენდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემყურე ჟურნალისტს.

მისი აზრით, კლუბმა ჯერ იყო და ბნელად მოაზროვნე ჟოზე მოურინიუ დანიშნა, მერე ის გაუშვა და ნათელი ღიმილისა და აზრის კაცი ოლე გუნარ სულშერი მიიყვანა, ახლა კი ისიც მოხსნა და რანგნიკზე გადაერთოო. სამუელი წერს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მსოფლიოში ყველაზე „ცოტამწვრთნელიანი“ ელიტური კლუბიდან, ერთ-ერთ ყველაზე „მრავალმწვრთნელიან“ კლუბად იქცა. ის, სულშერსა და რანგნიკს უცნაურად ახასიათებს: ოლე საჭესთან ჩვეულებრივად იჯდა, რანგნიკი კი თან საჭესთან ზის და თანაც უკან, მგზავრის სავარძელში მოკალათებული ხმამაღლა ყვირის ავტომობილის მართვა ასე და ასე უნდაო.

ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ გერმანელ მწვრთნელს „ოლდ ტრეფორდზე“ დიდძალ ფულს დაპირდნენ, რადგან შარშან, იანვარში, როდესაც მას ასეთივე წინადადებით „ჩელსიმ“ მიმართა, რანგნიკმა უპასუხა, რომ ოთხი თვე გუნდის გადასაკეთებლად საკმარისი დრო არ იყო. ეტყობა ის ფაქტი, რომ დღეიდან სეზონის დასრულებამდე ოთხი კი არა, ექვსი თვეა, თან შუაში სატრანსფერო ფანჯრით, ბევრს ცვლის. არადა შარშან, „ჩელსიში“ ოთხ თვეს რანგნიკის თანამემამულე თომას ტუხელი არ შეუშინდა და წარმატებასაც მიაღწია.

სამუელის აზრით, თუკი მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედს“ წესრიგი და სტრუქტურა აკლია, მაშინ, ამიერიდან, ეს ორი თვისება გარანტირებული ექნება. რანგნიკი ძლიერი ლიდერია, რომელსაც გერმანელი მწვრთნელების ახალ თაობაზე დიდი გავლენა აქვს. მერე რა, რომ მას დიდ კლუბში მუშაობა არ მოსწევია. შეიძლება ითქვას, რომ ის გერმანელი მარსელო ბიელსაა.

უცნაურია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეფებმა რანგნიკი მწვრთნელად მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში ნახეს, შემდეგ კი ორი წელიწადი მას კონსულტანტის რანგში აკვირდებოდნენ. იბადება კითხვა: თუ ის წარმატებული მწვრთნელია, ჩრდილში რატომ წავიდა, ხოლო თუ წარუმატებელია, მისი კონსულტაცია ვის რად უნდოდა?

ჟურნალისტი არც იმას გამორიცხავს, რომ რანგნიკი სწორედ ის კაცია, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედს“ ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. სხვა საქმეა, თუკი კლუბს მაინცდამაინც პოპულარული სპეციალისტის დაქირავება უნდა.

რანგნიკს მხოლოდ ერთხელ აქვს გერმანიის თასი მოგებული და სულ ეს არის. რეალურად, ტიტულებით ის მაურისიო პოჩეტინოს ტოლი და სწორია, თუმცა არგენტინელისგან განსხვავებით მისთვის არც „პარი სენ ჟერმენი“ ჩაუბარებია ვინმეს და არც „ტოტენჰემ ჰოთსპური“.

გერმანელს ყოველთვის გამოარჩევდა ერთი თვისება: ის ახალ ვარსკვლავებს ზრდიდა, მაგრამ ამ ვარსკვლავებით ტიტულები არ მოუგია.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საინტერესოა როგორ შეეწყობა რანგნიკი კრიშტიანუ რონალდუს თავისი ენერგიული თამაშით და მაღალი პრესინგით.

ერთი ხნის წინ, ლონდონში მწვრთნელთა სემინარი ჩატარდა, სადაც რანგნიკმა თქვა, რომ ძლიერ მწვრთნელს სუსტისგან ის განასხვავებს, რომ ძლიერმა ზუსტად იცის როგორ ფეხბურთს ითხოვს გუნდისგან. ნიმუშად მან იურგენ კლოპი, პეპ გვარდიოლა და თომას ტუხელი დაასახელა. მისი თქმით, თითოეულ მათგანს გონებაში იდეალური თამაშის მოდელი უტრიალებს და მისკენ ისწრაფვის. ამიტომაც აქვთ ძლიერი მწვრთნელების გუნდებს გამოკვეთილი მანერა.

საინტერესოა თავად რას შეძლებს.