შაბათს, 18:30-ზე, პლანეტის ყველაზე ცნობილ სარაგბო სტადიონზე ძალიან საინტერესო თამაში დაიწყება – ლონდონის „თვიქნემზე“ უელსელი რეფერი კრეიგ ევანსის სასტვენი დასაბამს დაუდებს „ბარბაროსებისა“ და სამოას ნაკრების მატჩს.

No description available.„ბარბაროსები“ – ესაა რაგბის კლუბი, რომლის შემადგენლობა მატჩიდან მატჩამდე სრულად იცვლება და მასში, როგორც წესი, პლანეტის გამორჩეულ მორაგბეებს იწვევენ ხოლმე. „ბარბაროსების“ ფორმა შავ-თეთრ, ზოლებიან კვართს წარმოადგენს და მორაგბეები ერთმანეთისგან მხოლოდ თავთავიანთი კლუბების კუთვნილი გეტრებით განსხვავდებიან.

„ბარბაროსები“ ყოველწლიურად, შემოდგომაზე ბრიტანეთში მართავს მატჩს რომელიმე ეროვნულ ნაკრებთან და წლეულს ეს გუნდი ორწლიანი პაუზის შემდეგ შეიკრიბება. შარშან „ბარბაროსებისა“ და ინგლისის ნაკრების შეხვედრა პანდემიის გამო ჩაიშალა, არადა, შემადგენლობაც უკვე გამოცხადებული იყო და მასში „ბიარიცისა“ და საქართველოს ნაკრების მესამეხაზელ თორნიკე ჯალაღონიას უნდა ეთამაშა.

თორნიკეს არ გაუმართლა, სამაგიეროდ წლეულს „ბარბაროსების“ მატჩი ნამდვილად გაიმართება და ამ კლუბის შემადგენლობაში ამჯერადაც იქნება ქართველი – პარიზის „რასინგ-92“-ისა და საქართველოს ნაკრების ბურჯი გია ხარაიშვილი.

No description available.22 წლის ნიჭიერი მორკინალისთვის ეს აღიარება უფრო ავანსია, ვიდრე განვლილი კარიერის დაფასება, როგორც ეს მისი მომავალი თანაგუნდელების შემთხვევაშია. საუბარია სტივენ კიცჰოფზე, მალკოლმ მარქსზე, რაიან უილსონზე, ჯეიმს ოკონორსა და მრავალ სხვა სუპერვარსკვლავზე. აი, ასეთ კომპანიაში მოხვდა გია, ვისაც ბორჯღალოსნებში დებიუტი წლევანდელ თებერვალში ჰქონდა. მის ანგარიშზე 5 სანაკრებო კეპი დაგროვდა და „ბარბაროსებში“, თუნდაც ამ გუნდის მარქაფაში მოხვედრა მისთვის დიდი პატივია. ყოველ შემთხვევაში, „ბარბაროსების“ მთავარმა მწვრთნელმა, ახალზელანდიელმა დეივ რენიმ სასტარტო მარჯვენა ბურჯის, იაპონელი შინოსუკე კაკინაგას შემცვლელად სწორედ ახალგაზრდა ქართველი დაიგულა. წინასამატჩო გუნდურ ფოტოზე ხარაიშვილი კუთვნილი 18-ნომრიანი კვართითაა აღბეჭდილი.

გია ხარაიშვილი მერვე ქართველი ბარბაროსი იქნება. პირველი, 2011 წლის მაისში გიას თანაამპლუელი, დღეს საყოველთაოდ აღიარებული დუდუ ქუბრიაშვილი იყო, რომელმაც ამ  გუნდის შემადგენლობაში სულაც სამჯერ ითამაშა. ასევე სამი მატჩი გამართა „ბარბაროსებში“ ლეგენდარულმა მამუკა გორგოძემაც. მათ გარდა მსოფლიო ვარსკვლავებს შორის დავით კაჭარავას, გოდერძი შველიძეს, კონსტანტინე მიქაუტაძეს, მიხეილ ნარიაშვილსა და ანტონ ფეიქრიშვილს უთამაშიათ,  ხარაიშვილს კი ამ ლეგენდების ტრადიციების გაგრძელება ანდეს. წარმატებები გიას!