ეს იყო მაიკლ ქერიკის პირველი მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედის“ თუნდაც დროებითი, მაგრამ მაინც თავკაცის როლში, რომელიც მან მოიგო. „იუნაიტედმა“ სტუმრად დაამარცხა „ვილიარეალი“. ქერიკმა ეს გამარჯვება კვირას გაშვებულ მწვრთნელს ოლე გუნარ სულშერს მიუძღვნა.
საოცრება: მაიკლ ქერიკი გახდა ბოლო 90 წელიწადში პირველი ინგლისელი მწვრთნელი, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ თავისი სადებიუტო შეხვედრა მოაგებინა.
და რაკი პირველ წარმატებებზეა ლაპარაკი: ჯეიდონ სანჩომ ზაფხულში, „იუნაიტედში“ 73 მილიონ გირვანქად გადასვლის შემდეგ, ახალი გუნდის შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა.
„ჩვენს კლუბში ბოლო რამდენიმე დღე ყველასთვის ურთულესი იყო, — თქვა ქერიკმა, — გამარჯვება ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ მაქვს სრული შეგრძნება, რომ მას ოლემ მიაღწია. ამას ვერ უარვყოფ.
დღევანდელი შედეგი ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. ის მნიშვნელოვანია კლუბისა და ფეხბურთელებისთვის. მე არაფერ შუაში არ ვარ.
პირველი ადამიანი მას მერე რაც სულშერი კლუბიდან გაუშვეს და ედ ვუდვორდმა რამდენიმე შეხვედრაში გუნდის გაძღოლა მთხოვა, თავად ოლე იყო. მე მას ვკითხე, რას ფიქრობდა ყველაფერ ამაზე.
აქ დგომა და ხელმძღვანელობა ჩემი პასუხისმგებლობა იყო, რითაც ძალიან ვამაყობ. ჩვენ გაჩერების უფლება არ გვქონდა და რა ბედნიერებაა, რომ გეგმა ბოლომდე მივიყვანეთ“.
მაიკლ ქერიკს ეყო გამბედაობა და ბრუნო ფერნანდეშისა და მარკუს რეშფორდის ნაცვლად დონი ვან დე ბეკი და ანტონი მარსიალი ათამაშა. მეორე ტაიმში კი დროებითმა მწვრთნელმა ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნა — ვან დე ბეკი და მარსიალი ფერნანდეშითა და რეშფორდით შეცვალა. საბოლოოდ, მატჩის მიწურულს „იუნაიტედმა“ კრიშტიანუ რონალდუსა და სანჩოს გოლებით 2:0 მოიგო.
ეს გამარჯვება იმას ნიშნავდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფშია. ბოლო შეხვედრაში ის „იანგ ბოიზს“ მასპინძლობს.
ქერიკი: „ვიცოდი, რომ რთული მატჩი გველოდა. თამაშის წინ ბიჭებს ვუთხარი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინ დაიწყებდა შეხვედრას, მაგრამ ასევე დიდი მნიშვნელობა ექნებოდა იმას, თუ ვინ დაასრულებდა მას.
ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით. მწამდა, რომ გავიმარჯვებდით და ჩემი რწმენა რომ მართალი იყო, ეს შედეგმაც გვაჩვენა“.