საფრანგეთის ნაკრებისა და „რეალის“ თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა თანაგუნდელის ფარული ჩანაწერით შანტაჟის საქმეში დამნაშავედ ცნეს. მოსამართლემ თავდამსხმელს ერთწლიანი პირობითი პატიმრობა და 75 000 ევროს ტოლი ჯარიმა დააკისრა.

ბენზემა, რომელიც დღეს 33 წლისაა, გახლავთ ერთი იმ ხუთთაგანი, რომელთაც ერთი თვის წინ სასამართლოს წინაშე, პირველ სხდომაზე მოუხდათ წარდგომა. მიზეზი: ფრანგი ფეხბურთელის მატიუ ვალბუენას შანტაჟი.

სკანდალმა თავის დროზე საფრანგეთში ისეთი რეზონანსი გამოიწვია, რომ ნაკრებიდან ბენზემაც მოკვეთეს და ვალბუენაც. თავად ამბავი კი 2015 წელს მოხდა, როდესაც ხსენებული მოთამაშეები ეროვნული გუნდის შეკრებაზე იყვნენ. იქ, ბენზემამ ვალბუენაზე ზეწოლა სცადა, ცდილობდა თანაგუნდელი დაერწმუნებინა, რომ მას შანტაჟისტებისთვის ფული უნდა გადაეხადა. პროკურორის მტკიცებით, ბენზემა ბოროტმოქმედებთან შეკრული იყო.

„რეალის“ თავდამსხმელი მთელი ამ წლების განმავლობაში ბრალდებას უარყოფდა და ამბობდა, რომ მას ერთადერთი სურვილი ამოძრავებდა — ვალბუენა სამარცხვინო ვიდეოს გამოქვეყნებისგან დაეცვა. სხვა სიტყვებით, ფულის გადახდას ურჩევდა.

სასამართლოს სხდომას არც ბენზემა დასწრებია და არც ვალბუენა, რომელიც ბერძნულ „ოლიმპიაკოსში“ თამაშობს.

სასამართლომ ბენზემას ოთხი თანამზრახველიც დამნაშავედ ცნო.

ფორვარდის ადვოკატმა სილვაინ კორმიემ განაცხადა, რომ მათი მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გააპროტესტებს. მან ვერსალელი მოსამართლის ვერდიქტს წინააღმდეგობრივი უწოდა.

ისტორია უფრო დაწვრილებით აღვწეროთ: ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ვალბუენამ მავან აქსელ ანგოს, მის ტელეფონში არსებული ფაილების სხვაგან გადაწერა სთხოვა. ანგომ ფაილებში სექსუალური ხასიათის ვიდეო იპოვა და თანამზრახველ მუსტაფა ზუაუისთან ერთად ვალბუენას შანტაჟი გადაწყვიტა. ზუაუიმ არ უარყო, რომ ჩანაწერი მან შეინახა, მაგრამ ამტკიცებდა ფულის მოთხოვნა თავში აზრადაც არ მომსვლიაო.

შემდეგ, ანგოსა და ზუაუის საქმეში ჩაურთავთ მესამე ადამიანი, ვინმე იონ უასი, რომელიც ამბობს, რომ ფეხბურთელს პირველი ის შეხვდა, მაგრამ ფული კი არ მოუთხოვია, არამედ უბრალოდ გააფრთხილა.

ამის მერე ვალბუენამ უკვე პოლიციას მიმართა, პოლიციამ კი საქმეში ფარული აგენტი ჩართო. პროკურატურის თქმით, აქ საქმეს კიდევ ერთი ბოროტმოქმედი ქარიმ ზენატი დაემატა. ზენატი ბენზემას ბავშვობის მეგობარია. სწორედ მან ჩართო საქმეში ბენზემა, რომელიც ვალბუენასთან მივიდა და გამომძალველებისთვის ფულის გადახდა „ურჩია“.

— ფრთხილად იყავი მატ, ეს საშიში ხალხია, — აშინებდა „რეალის“ ფორვარდი თანაგუნდელს, შემდეგ კი შუამავლად და საქმის მომგვარებლად თავისი ბავშვობის მეგობარი ზენატი შესთავაზა.

ვალბუენა და ბენზემა ნაკრებში

ამ დროს კი პოლიცია საქმესთან დაკავშირებულ ყველა საუბარს იწერდა. მათ შორის ჩაწერილია, როგორ უთხრა ბენზემამ თავის მეგობარს, ვალბუენას სერიოზულად არ აღგვიქვამსო.

ამაზე ზენატიმ უპასუხა: — ამისთვის უკვე ჩვენ ვარსებობთ. თუ მას საკითხის მშვიდობით მოგვარება არ უნდა, პირანიებთან მოუწევს საქმის დაჭერა.

მას მერე რაც სკანდალი აგორდა, ვალბუენას ბენზემასგან განსხვავებით ნაკრებში აღარ უთამაშია. მან სასამართლოზე თქვა, რომ ფეხბურთი მისი ცხოვრება იყო, რომელიც გამომძალველებმა დაუნგრიეს.

საინტერესოა, რომ არავინ არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ საიდან გაჩნდა ჩანაწერი, რატომ იყო ის ვალბუენას ტელეფონში და იცავს თუ არა ვინმე იმ ქალის ინტერესებს, რომელიც ჩანაწერში მოხვდა. მასზე საერთოდ არ არის ლაპარაკი.