„ბარსელონამ“ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, მაგრამ „კამპ ნოუზე“ შეკრებილი 50 000 გულშემატკივარი კმაყოფილი დატოვა. ჩავის გუნდმა „ბენფიკასთან“ 0:0 ითამაშა.

ახლა, ბოლო ტურში, „ბარსა“ მიუნხენში უნდა ჩავიდეს და „ბაიერნს“ მოუგოს — ამ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფი გარანტირებული ექნება. „ბენფიკა“ იმავე დღეს კიევის „დინამოს“ უმასპინძლებს. თუ ლისაბონელები კიეველებთან ვერ გაიმარჯვებენ, „ბარსელონას“ „ალიანც არენაზე“ ფრეც მისცემს ხელს. თუ „ბარსელონა“ „ბაიერნთან“ წააგებს, „ბენფიკა“ კი „დინამოს“ სძლევს, მაშინ „ბარსა“ ევროლიგაზე გადაბარგდება. მაგრამ, ასეა თუ ისე, კატალონიაში კმაყოფილები არიან, აქ რაღაც სასიკეთო ხდებაო.

კატალონიის დედაქალაქში, თამაშის წინ წვიმამ დასცხო და მაყურებელი „კამპ ნოუს“ ზედა რიგებში გადაბარგდა, გადახურულს შეეფარა. ჩავი ერნანდესმა კი, მიუხედავად იმისა, რომ სულ სამი სათამაშო საათია რაც „ბარსას“ უდგას სათავეში, მათ საკუთარი თავი დაუბრუნა. ყოველ შემთხვევაში, ადგილობრივმა პრესამ ასე დაწერა.

მაყურებლის იდენტობა კი გუნდის იდენტობაზეა მიბმული — „ბარსა“ ამ შეხვედრაში „ბარსა“ იყო — გუნდი რომელსაც ჰქონდა იდეა, გეგმა.

„ბენფიკას“ წინააღმდეგ ჩავის გეგმა იყო 3-4-3, რასაც ყატარში, „ალ სადის“ მწვრთნელობის დროს ხშირად მიმართავდა. სქემამ გაამართლა. ეფექტური იყო მასპინძელ ნახევარმცველთა კვადრატი, განსაკუთრებით ნიკო და გავი. ეს ორი ყმაწვილკაცი კარგ ფორმაშია, თუმცა… თამაშს სახიფათო მომენტები აკლდა.

მომენტების აღწერას აქ არ შევუდგებით, რადგან მათი ნახვა ქვემოთ, ვიდეოზე შეიძლება. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ თამაშის ბოლოს „ბარსელონაც“ გადარჩა. აქ, იმას მოგახსენებთ, რა თქვა ჩავიმ მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე:

„ჩვენ „ბენფიკას“ აშკარად ვაჯობეთ, მაგრამ გოლი ვერ გავუტანეთ. ერთი მაინც რომ შეგვეგდო, ვიტყოდი, რომ დიდებულად ვითამაშეთ, მაგრამ ვინაიდან მხოლოდ ერთი ქულა მოვიპოვეთ, ვერაფრით დავიტრაბახებ.

ახლა, ბოლო თამაში დაგვრჩა. მიუნხენში უნდა წავიდეთ და მოვიგოთ. ჩვენ „ბარსელონა“ ვართ და „ბაიერნთან“ მოედანზე სწორედაც გამარჯვებისთვის გავალთ. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მიუნხენში ასეთივე ერთსულოვნება და პასუხისმგებლობა უნდა გამოვამჟღავნოთ.

ფასეულობებისა და მიდგომის თვალსაზრისით კი დღევანდელი დღით კმაყოფილი დავრჩი“.