ჰარი მაგუაირის კარიერაში უდიდესი კრიზისია. მისმა გუნდმა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“, ახალი მწვრთნელი უნდა მოძებნოს — მას მერე, რაც პრემიერლიგის ბოლო 7 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო, ოლე გუნარ სულშერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. დღეს, ჩემპიონთა ლიგაში, „ვილიარეალთან“ გუნდს მოედანზე მაიკლ ქერიკი გაიყვანს, ზოგადად კი, კანდიდატთა შორტ-ლისტში ორი მწვრთნელია, ბრენდენ როჯერსი და მაურისიო პოჩეტინო.
მაგუაირმა თქვა: „თუკი ჩემს თანაგუნდელებს შეეკითხებით, ყველა გიპასუხებთ, რომ მათ საკლუბო კარიერაში ურთულესი პერიოდია. საერთოდ, მოთამაშეებს როგორც მოედანზე ასევე მის მიღმა უდიდესი პასუხისმგებლობის აღება მართებთ. ჩვენ კი ვერც ინდივიდუალურად ვივარგეთ და ვერც კოლექტიურად.
ამ პროცესში ფეხბურთელები და მწვრთნელი ერთად ვმონაწილეობდით, როგორც ჯგუფი. საფასური კი მხოლოდ მწვრთნელმა გადაიხადა.
ახლა ფეხბურთელებს რთული დრო გვიდგას. სულშერს უდიდეს პატივს ვცემდით. მან ბევრი რამ გაგვიკეთა. ჩვენ ერთად მივდიოდით მიზნისკენ, ასეთ დროს კი ვინმე სამსახურს რომ კარგავს, უსიამოვნოა“.
მაგუაირმა ოლე გუნარ სულშერის გაშვება კვირასვე ძალიან განიცადა. მან დასძინა:
„ის ძალიან ემოციურად გველაპარაკა. ძნელი იყო ამის მოსმენა. ოლეს ყველა უდიდეს პატივს სცემს. ის ხომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდაა. მან გვითხრა, რომ ჩვენზე მისმა წასვლამ არ უნდა იმოქმედოს, საქმეს უნდა დავუბრუნდეთ და „ვილიარეალთან“ დადებითი განწყობით უნდა გავიდეთ მოედანზე.
მან გვითხრა, რომ ჩვენს გულშემატკივრად დარჩება, რაც მას, როგორც კაცს საუკეთესოდ ახასიათებს“.
შემდეგ, მაგუაირმა თქვა, რომ ახლა „მანჩესტერ იუნაიტედი“ გამარჯვების გზებს უნდა დაუბრუნდეს, ვინაიდან თუ გუნდი „ვილიარეალთან“ დამარცხდება, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშება.
„მომავალზე უნდა ვიფიქროთ. „იუნაიტედი“ უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო. ეს კლუბი წარმატებების გზაზე უნდა ვატაროთ. საკუთარ თავში უნდა მოვძებნოთ ძალა, რომელიც საუკეთესო ფეხბურთის თამაშის საშუალებას მოგვცემს“.
სხვათა შორის, ამბობენ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელად მუშაობის სურვილი მოსკოვის „ლოკომოტივის“ თავკაცმა, 63 წლის გერმანელმა რალფ რანგნიკმაც გამოთქვა.