თუ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ დაურეკავენ, მაურისიო პოჩენიტო მზად არის „პარი სენ ჟერმენის“ წვრთნას დღესვე დაანებოს თავი და „ოლდ ტრეფორდზე“ გადაბარგდეს. ეს ინფორმაცია „დეილი მეილმა“ გაავრცელა.

„იუნაიტედმა“ გუნდის გაძღოლა ჯერჯერობით მაიკლ ქერიკს დაავალა, თუმცა, პარალელურად დროებით მწვრთნელს ეძებს. ამ წინადადებამ რომ არ დაგვაბნიოს, განვმარტოთ: ქერიკი „იუნაიტედს“ ორიოდ თამაშში გაუძღვება, დროებითი მწვრთნელი კი დაერქმევა მას, ვინც მის მერე, ზაფხულამდე ჩაიბარებს ოდესღაც მრისხანე გუნდს. რაც შეეხება, ეგრეთწოდებულ ნამდვილ მწვრთნელს, ხანგრძლივი კონტრაქტით, ის „ოლდ ტრეფორდზე“ მხოლოდ ზაფხულში მივა.

და აი, ასეთ დროს გაისმა არგენტინელი მაურისიო პოჩეტინოს გვარ-სახელი. დაიწერა, რომ ის „პარი სენ ჟერმენში“ თავს კომფორტულად ვერ გრძნობს.

პოჩეტინო პარიზში სასტუმროში ცხოვრობს, მისი ცოლ შვილი კი კვლავ ლონდონშია — მოგეხსენებათ, ის ადრე „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ ედგა სათავეში და ინგლისის დედაქალაქში დამკვიდრდა. ამბობენ, რომ პოჩეტინო ვერ ახერხებს თავისი იდეების გატარებას გუნდში, სადაც დიდი ეგოები, ლეო მესი, ნეიმარი და კილიან მბაპე თამაშობენ.

2018 წელს, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჟოზე მოურინიუმ დატოვა, ბევრს ლაპარაკობენ, რომ მის ადგილს სწორედ პოჩეტინო დაიკავებდა, მაგრამ მაშინ ეს საქმე არ გამოვიდა და მანჩესტერში ოლე გუნარ სულშერი მივიდა.

საინტერესოა, რომ 49 წლის არგენტინელი ხვალ მანჩესტერში ისედაც უნდა ჩავიდეს —ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში, მისი „პარი სენ ჟერმენი“ „მანჩესტერ სიტის“ სტუმრობს.

„დეილი მეილი“ დაბეჯითებით წერს, რომ „იუნაიტედი“ პოჩეტინოს ჯერ არ დაკავშირებია. რა მოხდება ხვალ ან ზეგ, არავინ იცის.