
„დეილი მეილი“ წერს, რომ წუხელ, „უოტფორდთან“ სამარცხვინო (1:4) წაგების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ დირექტორატმა საგანგებო თათბირზე ოლე გუნარ სულშერის მოხსნა გადაწყვიტა.
თამაშის დასრულების შემდეგ, „ვიკარიჯ როუდზე“ ნორვეგიელი ბოდიშებს იხდიდა, ფანობა კი ტრიბუნიდან „ბუუს“ დასძახოდა. ეს იყო ოდესღაც ძლევამოსილი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მორიგი პარტახი, რასაც მწვრთნელის შეცვლა მოჰყვება.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ შემდგომ ორ შეხვედრას გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, ახლა კი ტექნიკური დირექტორი დარენ ფლეტჩერი გაუძღვება. ეს იქნება მატჩები „ვილიარეალთან“ და „ჩელსისთან“ — პირველი ჩემპიონთა, მეორე კი პრემიერლიგაში. შემდეგ კი, ალბათ, ახალი მწვრთნელიც დაინიშნება და ის ზინედინ ზიდანი ან „ლესტერის“ ახლანდელი თავკაცი ბრენდენ როჯერსი იქნება.
„ტაიმსიც“ ადასტურებს, რომ ძმები გლეიზერების მიერ სასწრაფოდ მოწვეული დირექტორატის სხდომა სულშერის გათავისუფლების გადაწყვეტილებით დასრულდა, თუმცა ამ წუთისთვის ოფიციალურად არაფერია გამოცხადებული.
ინგლისური წყაროები წერენ, რომ თათბირზე ძირითადად იმას ლაპარაკობდნენ, თუ საიდან მოიტანონ 7,5 მილიონ გირვანქა, რომელიც გაშვების შემთხვევაში სულშერს უნდა გადაუხადონ.
„სანი“ იტყობინება, რომ სულშერი ფეხბურთელებს და თანამშრომლებს გამოეთხოვა.
„მანჩესტერ ივნინგ ნიუზიც“ ადასტურებს „იუნაიტედის“ გასახდელში დაღვრილ ცრემლს და წერს, რომ ფეხბურთელებს მის გაშვებაში ახლა უკვე ეჭვი არ ეპარებათ.
სულშერს კი მართლა არ გაუმართლა. მისი ხელმძღვანელობით „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბოლო 13 შეხვედრიდან მხოლოდ 4 მოიგო. „უოტფორდთან“ მარცხი კი ზედიზედ მესამე გახლდათ შინ „ლივერპულთან“ და „მანჩესტერ სიტისთან“ განადგურების შემდეგ.
ეს იყო პრემიერლიგის ბოლო 5 შეხვედრაში მეოთხე წაგება. გუნდმა 16 გოლი გაუშვა და ცხრილის ზედა ათეულში ყველაზე მეტი გოლი აქვს გაშვებული.
„ტაიმსი“ წერს, რომ ჯოელ გლეიზერმა შესაბამის ხალხს ზინედინ ზიდანის დაქირავება დაავალა. აქამდე ამბობდნენ რომ ფრანგი ვარსკვლავი თანხმობისგან თავს იკავებდა, რადგან საქმისთვის სეზონის შუაში ხელის მოკიდება არ ხიბლავდა, მაგრამ ახლა „ოლდ ტრეფორდის“ ოფისიდან ახალ „გამძვინვარებულ შეტევას“ უნდა ელოდოს.
საინტერესოა, რომ პრეს-კონფერენციაზე თავად სულშერს მივდივარო არ უთქვამს. პრეს-კონფერენცია დირექტორატის საგანგებო შეკრებამდე გაიმართა.