ბოლივიაში 0:3 წაგების შემდეგ ურუგვაის ნაკრების მწვრთნელის პოსტი ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესს დაატოვებინეს. 74 წლის კაცს, რომელიც გუნდს 2006 წლიდან ხელმძღვანელობდა და თბილისშიც გვსტუმრობდა.
არადა, ურუგვაის ნაკრების ბოლოდროინდელ აღმავლობაში ტაბარესის წვლილი ფასდაუდებელია. მისი თავკაცობით ლურჯ-ცისფრებმა ითამაშეს მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში და 2011 წელს მოიგეს კოპა ამერიკა. საკლუბო დონეზე დონეზე, 1987 წელს ტაბარესის „პენიაროლმა“ მოიგო კოპა ლიბერტადორესი, ხოლო იტალიური „კალიარი“ უეფას თასის ნახევარფინალში გავიდა. სათქმელია, რომ ტაბარესი ქვეყნის ნაკრებს 1988-1990 წლებშიც პირველკაცობდა.
რამდენიმე წლის წინ ტაბარესს იშვიათი დაავადება დაუდგინეს, რის შედეგადაც ის დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, მწვრთნელი გუნდს ნებით არ ჩამოშორებია… ჩამოაშორეს. სადღეისოდ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში, ურუგვაის 14 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვს, მე-7 ადგილზეა და ყატარში წასვლის შანსები შემცირებული აქვს. ბოლივიასთან შეხვედრის ჩათვლით ურუგვაის ნაკრებმა ზედიზედ ოთხი შესარჩევი მატჩი წააგო.
„დიდი მადლობა ოსკარ ტაბარესს გაწეული სამუშაოსთვის. ჩვენ მივესალმებით და ვაღიარებთ 15 წლის განმავლობაში მის მიერ ნაჩვენებ შედეგს. ამ დროის მანძილზე ურუგვაის ნაკრები მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერი გახდა“, – ნათქვამია ურუგვაის ფეხბურთის მამების განცხადებაში.
2006 წელს ტაბარესისა და ურუგვაის თბილისში სტუმრობა კი საქართველოს გამარჯვებით 2:0 დასრულდა. მაშინ ჩვენებს კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა.