ვიდრე სარაგბო სამყაროში საშემოდგომო ტესტების სეზონი მიმდინარეობს, საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ელიტურ დივიზიონ პრო დ2-ში რეგულარული სეზონის მე-11 ტური გაიმართა.
გასულ ტურში 10-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და ინდივიდუალური თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული სათამაშო დღე ჟორჟ სალდაძეს ჰქონდა.
ქუთაისის „აიას“ ყოფილმა ბურჯმა სეზონში თავისი პირველი ლელო მიითვალა – „ბრესანისა“ და მისი „ბეზიეს“ შეხვედრის 73-ე წუთზე სტუმართა მძლავრი მოლიდან ბურთი გამოიტანა და ლელოში შევარდა. თუმცა, მისმა პირადმა წარმატებამ ბეზიელებს ვერაფერი ნუგეში მოუტანა – მათ 22:30 წააგეს და უქულოდ დარჩნენ.
26 წლის სალდაძე თანამემამულე გიორგი ახალაძის ნაცვლად 50-ე წუთზე შევიდა, ხოლო ბრესანელებს შორის 46-ეზე ვაჟა კაპანაძე გამოჩნდა.
აი, ჯაბა ბრეგვაძის „აჟენმა“ კი გასვლით მატჩში ბონუსი გამოიმუშავა – რუანში 23:27 დამარცხდა. ბორჯღალოსანი კვაჭი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთამდე ითამაშა.
პირველობის ლიდერმა „მონ-დე-მარსანმა“ შინ „ორიაკი“ ბონუსით, 38:10 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის 51-ე წუთზე ლაშა მაჭარაშვილი გამოჩნდა, ვინც 76-ეზე გაასინბინეს – სეზონში უკვე მეორედ. ორიაკელთა სასტარტოში კი გიორგი ქართველიშვილი იყო, ვინც 48-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ლუკა ნიორაძემ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.
„გრენობლმა“ კარკასონში მორიგი მარცხი განიცადა – 9:20. ალპელთა შემადგენლობაში პირველი ტაიმი ლუკა გოგინავამ ერთობ ეფექტურად ჩაატარა, შესვენების შემდეგ კი მის ნაცვლად მატჩში ზურაბ ჟვანია ჩაერთო, რომელსაც პირველ ტაიმში 10 წუთით თამაშმაც მოუწია – გამოცდილმა ქართველმა ბურჯმა ეს დრო 8 ნომრის პოზიციაზე (!) გაატარა, როცა რეალური „რვიანი“ ტვინის შერყევის პროტოკოლის ძალით მოედნიდან დროებით გაიყვანეს.
საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა თორნიკე მატარაძემაც „ნარბონის“ წინააღმდეგ სრული მეორე ტაიმი ითამაშა, ხოლო მისი „ნევერი“ ლიგის აუტსაიდერთან 17:3 დამარცხდა.
როგორც ზემოთ ითქვა, “მონ-დე-მარსანი“ ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს, მას 43 ქულა აქვს, ხოლო უახლოეს მდევარ „ოიონას“ – 38.