ჩავიმ „ბარსელონაში“ დანიშვნის შემდეგ პირობათა შორის გუნდში დანი ალვეშის დაბრუნებაც წამოაყენა, რომელმაც, მისი აზრით, ახალგაზრდა თაობასთან უნდა იმუშაოს.
დრო გამოაჩენს ჩავის არჩევანის მართებულობას, თუმცა ბევრი თვლის, რომ დანი ალვეში შენელებული მოქმედების ნაღმია და ვერ იტყვი, როდის აფეთქდება.
ქვემოთ ერთ პატარა ისტორიას მოგითხრობთ, რომლის მთავარი გმირიც სწორედ ის იყო:
„ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ გასახდელში ვისხედით. ვიცოდით, რომ ახლა დანი შემოვა და „დიჯეის“ რეჟიმს ჩართავს. ამას მაინც არ ველოდით – მან ჩვენი დაყრუება გადაწყვიტა, ბოლო ხმაზე ჩართო Samba Do Janeiro და ისეთი თავდავიწყებით აცეკვდა, გეგონებოდა, ცხოვრებაში ბოლოჯერ ცეკვავსო. ბონუჩიმ ვერ მოითმინა და უთხრა, თუ სამ წამში არ გათიშავ, ფეხს მოგატეხო. ალვეშმა უპასუხა, რომც წავაგოთ, მე უკვე სამჯერ მაქვს მოგებული ლიგა და შენ არც ერთხელო. ლიგა მეც კი მქონდა მოგებული, მაგრამ ეს რა სათქმელი იყო?! ბონუჩი ყელში სწვდა და დარტყმას უპირებდა, როცა მასიმილიანო ალეგრი ჩაერია – არ დავიწყებ მტყუან-მართლის გარჩევას და ორივეს კინწისკვრით გაგყრით გუნდიდანო. ამან განმუხტა სიტუაცია“, – ეს ისტორია მარიო მანჯუკიჩმა მოყვა, რომელმაც იმ საღამოს კარიერაში, ალბათ, ულამაზესი გოლი გაიტანა, მაგრამ რად გინდა: „იუვენტუსმა“ ფინალი „რეალთან“ 1:4 დათმო.
როცა გასახდელში ასეთი ემოციებია, მოედანზე მეტს არც უნდა ელოდე.