კოსოვოში 2:1 და შინ, შვედეთთან 2:0 გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრების B ჯგუფის ცხრილში ბევრი ვეღარაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ ბერძენთა და კოსოვართა ბოლო ტურის დაპირისპირების სამი შესაძლო შედეგიდან ყველაზე სასიამოვნო ალბათ სწორედ ფრე უნდა ყოფილიყო. საბერძნეთს რომ მოეგო, 12 ქულას მოაგროვებდა და 7 ქულიან საქართველოს საგრძნობლად გაუსწრებდა. კოსოვოს რომ მოეგო, მასაც 7 ქულა დაუგროვდებოდა და ტოლად ვიქნებოდით, რაც აშკარად არ ივარგებდა, ფრემ კი ბერძნებთანაც „მხოლოდ“ სამქულიანი ჩამორჩენა დაგვიფიქსირა და კოსოვოსაც 2 ქულით გავუსწარით.
უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, საბოლოო ცხრილმა ნათლად აჩვენა, რომ ამ ჯგუფში მესამე ადგილის მოპოვება შეიძლებოდა და რომ ვერ შევძელით, საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ.
თავისი გულშემატკივარი გააწბილა საბერძნეთის ნაკრებმაც. ამბიციური გუნდისთვის შინ კოსოვოსთან 1:1 ცუდი შედეგია. ბერძნები ზედიზედ მეოთხე დიდ შეჯიბრებას გამოაკლდებიან — შესარჩევ ეტაპებზე წარუმატებლად გამოდიან. არადა, ლაპარაკია ქვეყანაზე, რომელიც 2004 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.
B ჯგუფის საბოლოო ცხრილში საბერძნეთი მეორე ადგილზე გასულ შვედეთს 5 ქულით ჩამორჩა, რაც ბევრია.
საბერძნეთისა და კოსოვოს შეხვედრის პირველ ტაიმში, 44-ე წუთზე, ანგარიში მასპინძელმა გეორგიოს მასურასმა გახსნა, მაგრამ 76-ე წუთზე, იტალიური „ნაპოლის“ მცველმა ამირ რაჰმანიმ გაქვითა და თავის გუნდს ქულა შეჰმატა.