41:15 – ასეთი ანგარიშით დასრულდა მატჩი ბორდოში, რომელსაც ქართული რაგბის ყველა ქომაგი მოუთმენლად ელოდა. მასპინძლებმა, საფრანგეთის ნაკრების მორაგბეებმა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის რაგბის დემონსტრირების ხარჯზე მოახერხეს ქართველების ძლევა.

რაგბის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა შედეგი ამ მატჩში მოსალოდნელი ვერ იქნებოდა – საფრანგეთს დღეს პლანეტის ერთ-ერთი უმძლავრესი ნაკრები ჰყავს და საკუთარ მოედანზე ტიერ 2-ის (მეორე სარაგბო დონის) გუნდის ძლევა ყოველთვის უნდა შეეძლოს და სპორტის ამ სახეობაში უფრო მაღლა მდგომი უფრო დაბალი კლასის გუნდად მიჩნეულ მეტოქეს ყოველთვის ამარცხებდეს.

No description available.ამ სარაგბო აქსიომის გათვალისწინებით, ბორჯღალოსნები მხოლოდ ქება-დიდებას იმსახურებენ. პირველი ტაიმის 3:24 დათმობის მერე ჩვენმა ბიჭებმა ფრანგებს დიდი ბრძოლა გაუმართეს და თუ ცალკე მეორე ნახევრის შედეგს ავიღებთ, აღმოვაჩენთ, რომ „ლე ბლემ“ მხოლოდ 17:12 იმარჯვა, ორი ტაიმის ჯამში კი იმის თქმაც თამამად შეიძლება, რომ მასპინძლებს არათუ იოლი გასეირნება არ გამოუვიდათ, არამედ პრობლემებით სავსე შეხვედრა ჰქონდათ.

რა თქმა უნდა, ფრანგებს კლასით უფრო მაღალი დონის ნაკრები ჰყავთ და მათი უპირატესობაც არ იყო სადავო, მაგრამ ჩვენებს პირველ ტაიმში ამდენი შეცდომა რომ არ დაეშვათ და ავსტრალიელ რეფერისაც ორმაგი სტანდარტებით რომ არ ემსაჯა, ანგარიშში სხვაობა შესაძლოა ნაკლებიც ყოფილიყო.

ისე კი, თუ ქართველთა პლუსებზე ვისაუბრებთ, აშკარად იგრძნობოდა, რომ ბორჯღალოსნების თამაშში ახალი ელემენტები გაჩნდა – ხელდახელ თამაში უკეთ გამოგვდის, შერკინება თანდათან იბრუნებს ყოფილ მრისხანებას, საოცარი ფულბექი გვყავს, ვისმა თავხედობამაც მთელი სარაგბო სამყარო უკვე აალაპარაკა.

ამ ბიჭზე, დავით ნინიაშვილზე ორიოდე სიტყვა აუცილებლად უნდა ითქვას – მინდორზე არა 19 წლის ჭაბუკი იყო, არამედ ნამდვილი ვაჟკაცი და მაგარი ბიჭი, რომელმაც ფრანგ ვარსკვლავებს ტოლი არც ჯანში, არც თავგანწირვაში, არც სისწრაფეში და არც ოსტატობაში დაუდო. ყოჩაღ! საერთოდაც, ვინმეზე აუგის სათქმელად ენა ვის უნდა მოუბრუნდეს?! ერთადერთი სათამაშო პრაქტიკის არმქონე გიორგი კვესელაძე ვერ თამაშობდა ისე, როგორც შეუძლია, თუმცა, ერთი კვირის შემდეგ, ფიჯელებთან მორიგ ტესტ-მატჩში, ვფიქრობ, ამასაც ეშველება.

No description available.ბორჯღალოსნებმა 6 ლელო გაუშვეს, მაგრამ საპასუხოდ 2 გაიტანეს! პირველი ვასკა ლობჟანიძის ანგარიშზეა, რომელმაც ქართველთა პოზიციური შეტევა თავის ჩვეულ სტილში, არასტანდარტული გადაწყვეტილების შედეგად გაიტანა – ბურთი რაქიდან აიტაცა და დაქნევით მეტოქეები აქეთ-იქით გაუშვა, თვითონ კი ლელოში შეფრინდა. მეორე ლელო კი მთლიანად მატჩის მშვენება იყო – ბორჯღალოსნებმა მარაო გაშალეს და მარჯვენა ფლანგზე კუთხის ალამთან ფრანგთა ლელოში ბურთიანად აკა ტაბუცაძე შეფრინდა. ვასკას ლელო თედო აბჟანდაძემ კი გარდასახა, აკასი კი, ზედ კიდიდან – ააცილა. სამაგიეროდ მატჩის პირველი ქართული ქულები ნინიაშვილმა მიითვალა, როცა გასინბინებული თედოს ნაცვლად 22 მეტრიდან ჯარიმა დაარტყა. თედოს გარდა პირველ ტაიმში ყვითელი ბარათით ბექა საღინაძეც დაისაჯა და რამდენიმე წუთი ორკაცნაკლულები ვიყავით

ასეთია ჩვენი ქულების ანატომია და 15:41 გაცილებით ღირსეულად გამოიყურება, ვიდრე 2007 წელს მარსელში დაფიქსირებული 7:64.

„შედგომის ერთა სერიის“ თავის მეორე და დასკვნით მატჩს ქართველები 20 ნოემბერს ესპანეთში ფიჯელების წინააღმდეგ გამართავენ.