ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ვეტერანი სერხიო ბუსკეტსი ეროვნულ გუნდში თამაშს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგაც აპირებს. მას მერე, რაც სერხიო რამოსი ტრავმის გამო „ლა როხას“ ჩამოშორდა, 33 წლის ბუსკეტსი გუნდის კაპიტანი გახდა და დღეს, შვედეთთან შეხვედრაში, თავისი ყოფილი თანაგუნდელისა და კლუბში ამჟამინდელი მწვრთნელის ჩავი ერნანდესის შედეგს, 133 სანაკრებო შეხვედრას გაიმეორებს.

„როგორიც ვარ ნაკრებში, ისეთივე ვარ „ბარსელონაში“, — უთხრა „ბუსიმ“ „მარკას“, — ვგრძობ, რომ ამ გუნდებს ვჭირდები და ვცდილობ ჩემი მონაწილეობით მაქსიმალურად ვისიამოვნო. რაც შეეხება ჩავის, ის ესპანეთის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. შეიძლება მთლად საუკეთესოც კი. მე, ის და ანდრეს ინიესტა ნახევარდაცვის ცენტრში პარტნიორები ვიყავით და როგორც ტრიოს საქმისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გვქონდა.

საამაყო იქნება ნაკრებში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით ჩავის რომ გადავასწრებ. მე მას ვიცნობ როგორც ფეხბურთელს, მაგრამ არ ვიცნობ როგორც მწვრთნელს. თუმცა, ეჭვი არ მეპარება, რომ ამ პროფესიაშიც ბევრს ისწავლიდა.

ჩემი კარიერის ამ ეტაპზე ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს, რომ ნაკრებში კიდევ მრავალ შეხვედრას ჩავატარებ, თუმცა, რასაკვირველია, ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. მთავარი ის არის, რომ „ლა როხას“ ფეხბურთელებთან თავს შესანიშნავად ვგრძნობ“.