მანჩესტერულ დერბიში „სიტიმ“ „იუნაიტედს“ 2:0 მოუგო, ხოლო „იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა და ვარსკვლავმა, ექსპერტმა როი კინმა თავისი ყოფილი გუნდი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა.

თამაში „ოლდ ტრეფორდზე“ ჩატარდა. „ქალაქელებმა“ მასპინძლებს ორივე გოლი პირველ ტაიმში გაუტანეს. ჯერ ერიკ ბეილიმ შეაგდო ავტოგოლი, შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე კი ბერნარდო სილვამ ანგარიში ორამდე გაზარდა.

„ზედ შესვენების წინ „სიტიმ“ დიდი საჩუქარი მიიღო. ჟოაო კონსელომ მარცხენა ფეხით ჩინებულად ჩააწოდა ბერნარდო სილვას, მაგრამ ასეთ დროს შემტევი გუნდის ფეხბურთელებს დაცვა უნდა ავიწროებდეს. პირველი ტაიმის დასრულებას აღარაფერი აკლდა. „იუნაიტედი“ მეორე გოლს თუ არ გაუშვებდა, შესვენების შემდეგ კვლავ შანსით დაუბრუნდება მოედანს და ამ დროს, შეხედეთ როგორ ითამაშეს ლუკ შოუმ და მეკარე დავიდ დე ხეამ. მე ამ ბიჭებზე უკვე ბევრი წელიწადია ვბრაზდები.

მე მათზე ხელი მაქვს ჩაქნეული. ისინი ხომ თავიანთი ქვეყნების ნაკრები გუნდების ფეხბურთელები არიან. არ მესმის, დაცვაში ასე როგორ უნდა იქცეოდე. ხელები ამიწევია. ეს იყო საცოდავი, უკლასო, უხარისხო დაცვა, როდესაც მოთამაშეები გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ.

დღეს ჩვენ ვნახეთ როგორ თამაშობდნენ კაცები ბიჭუნების წინააღმდეგ. დაუჯერებელია, რა შორს არის „იუნაიტედი“ მაღალი დონის ფეხბურთისგან. „ოლდ ტრეფორდზე“ გასვლა ყველას შიშის ზარს უნდა სცემდეს, მაგრამ ასე არ არის. გუნდები ჩამოდიან და შინ კმაყოფილები ბრუნდებიან.

არადა, დიდ ჯილდოებს საფუძველი შინ ეყრება. როგორ თამაშობ საკუთარ კედლებში, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ დროს კი რა ხდება? შეგიძლია შესვენებაზე 0:1-ით გახვიდე, იცი, რომ მეორე გოლს თუ გაუშვებ თამაში ფაქტობრივად წაგებული გაქვს და მაინც უშვებ.

მაკტომინეი და ფრედი „მანჩესტერ იუნაიტედის“ დონის ფეხბურთელები არ არიან. არც ბეილის ავტოგოლი გამკვირვებია. ის არ არის საკუთარ თავში დარწმუნებული მოთამაშე, არასტაბილურია.

მატჩი რომ დამთავრდა, ფილ ფოდენს ვაკვირდებოდი. დერბის შემდეგ ფეხბურთელს არაქათი აღარ უნდა ჰქონდეს, ძლივს უნდა დალასლასებდეს, ის კი ისე იქცეოდა, გეგონება მხოლოდ და მხოლოდ ამხანაგური თამაში ჩაატარა“.