საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიო 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში დიდი ბრიტანეთის ნაკრებს გაეჯიბრა და 32:26 დაამარცხა.
სანდუ ფლორინ იაკუბის გაწვრთნილმა გუნდმა ცუდად დაიწყო და ორი ბურთით ჩამორჩა – 0:2, 1:3, 2:4… მეექვსე წუთზე კალანდაძემ გაათანაბრა. მეშვიდე წუთზე მეტოქე ერთხელაც გავიდა წინ 5:4 და…
ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სრული უპირატესობა მოიპოვა და შესვენებამდე დარჩენილი ნაწილი 13:4, ხოლო ტაიმი 17:9 მოიგო.
მეორე ტაიმში ჩვენების უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა – 29:19. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტაქტიკური გადაწყვეტილებით ძირითადი შემადგენლობა აღარ გადატვირთა და ბრიტანელებმა ოდნავ შეამცირეს სხვაობა.
რევაზ ჭანტურიამ ექვსი დარტყმიდან 6 გოლი შეაგდო, 5-5 ბურთი თეიმურაზ ორჯონიკიძისა და ერეკლე არსენაშვილის ანგარიშზეა.
ჩვენივე ჯგუფში ფინელებმა 35:30 დაამარცხეს ესტონეთის ნაკრები და საქართველოს ნაკრების დარად ორი ქულა მოუგროვდათ.
6 ნოემბერს საქართველოს ნაკრები სწორედ ფინეთის ეთამაშება, ხოლო ესტონეთი – დიდ ბრიტანეთს.