გავრცელდა ხმა, რომ „ნიუკასლ იუნაიტედი“ 2022 წელს, უპირველეს ყოვლისა, „ბარსელონას“ გერმანელი მეკარის მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შეძენას შეეცდება.

„კაჭკაჭები“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გაღებას მოუთმენლად ელიან. მოგეხსენებათ, პრემიერლიგის კლუბი ოქტომბერში საუდის არაბეთის სახალხო საინვესტიციო ფონდმა შეიძინა, ეს კი გამდიდრებას ნიშნავს.

„ნიუკასლ იუნაიტედმა“ მწვრთნელის თანამდებობიდან გაუშვა სტივ ბრიუსი და უკვე გამონახა ახალი თავკაცი ედი ჰოუი, რომელსაც იანვარში მეპატრონეები მსხვილ თანხას მისცემენ და ფეხბურთელების ბაზარში ისე გაუშვებენ.

ESPN-ის ინფორმაციით, რომელიც El Nacional-მაც გაიმეორა, „ბარსელონას“ პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას ტერ შტეგენის გაყიდვა არ უნდა. გერმანელი ჩინებული მეკარეა და გუნდში დიდ როლს თამაშობს, მაგრამ ამის პარალელურად არსებობს ფინანსური კრიზისი, რომელიც კატალონიას მძიმედ შეეხო და რომელმაც შეიძლება კატალონიურ კლუბს რამდენიმე ცნობილი მოთამაშის გაყიდვა აიძულოს.

ამბობენ, რომ 29 წლის მეკარეში „ნიუკასლ იუნაიტედი“ „ბარსას“ 55 მილიონ ევროს შესთავაზებს.

არაბთა ფულით იმედმოცემულ „კაჭკაჭებს“ ხანგრძლივი გეგმის დასახვა და „სენტ ჯეიმსის პარკზე“ ჩემპიონთა ლიგის ფეხბურთის დაბრუნება სურთ.