43 წლის ედი ჰოუი „ნიუკასლ იუნაიტედს“ ორწელიწადნახევრიან თანამშრომლობაზე შეუთანხმდა. მას „ბორნმუთიდან“ წასვლის შემდეგ არსად უმუშავია. ეს ამბავი კი ორი სეზონის წინ მოხდა, როდესაც „ბორნმუთი“ პრემიერლიგიდან გავარდა.
ამრიგად, მას მერე, რაც „კაჭკაჭები“ საუდელებმა იყიდეს, გუნდის პირველი თავკაცი ვინმე სახელოვანი მწვრთნელი კი არა, სწორედ ჰოუი გახდა.
„დეილი მეილი“ წერს, რომ ედი ჰოუი კლუბის წინა ხელმძღვანელობასაც ჰყავდა მიზანში ამოღებული. იმ შემთხვევაში თუ სტივ ბრუსს მოხსნიდნენ, დასახმარებლად ისინიც ჰოუის მიმართავდნენ. მისი კანდიდატურა ახალ ხელისუფლებას, სავარაუდოდ, წინა ხელისუფლებიდან შემორჩენილმა დირექტორმა ლი ჩერნლიმ ურჩია.
ცნობილი გახდა ისიც, რომ „ნიუკასლის“ ახალი დირექტორატის წევრებმა ჰოუის კანდიდატურას ერთსულოვნად არ დაუჭირეს მხარი, მაგრამ გავლენიანმა ამანდა სტეივლიმ გადაწონა.
ჰოუის „ნიუკასლის“ შეფები გასულ კვირაში ელაპარაკნენ, თუმცა თავად ახალგაზრდა სპეციალისტი იმედიანად არ იყო განწყობილი. მას ეგონა, რომ „ნიუკასლის“ მწვრთნელად უმალ ცნობილ უნაი ემერის დანიშნავდნენ.
ემერის შესახებ გასულ უქმეებზე აქტიურად დაიწყეს ლაპარაკი. მოლაპარაკებებზე ინგლისში ესპანელი მწვრთნელის ძმა იგორი ჩავიდა. თავიდან თითქოს ყველაფერი შეთანხმებისკენ მიდიოდა, მაგრამ სამშაბათს უნაი ემერიმ მოულოდნელად უარი თქვა და თანამდებობაც ჰოუის „შერჩა“.
აღსანიშნავია, რომ „ნიუკასლ იუნაიტედში“ ახალი თავკაცის „ბორნმუთის“ დროინდელი ფეხბურთელებიც თამაშობენ.