„ლივერპული“ ჩემპიონთა თასს მოიგებს, ხოლო პრემიერლიგამ სხვა ევროპული ჩემპიონატები ჩამოიტოვა — ასე ფიქრობს ჩემპიონთა ლიგის წუხანდელი თამაშების შემდეგ მერსისაიდელებისა და ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი მაიკ ოუენი.

იურგენ კლოპის გუნდმა 2:0 აჯობა მადრიდის „ატლეტიკოს“ და პირველი ადგილით ფლეი-ოფში გასვლა ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა. არადა, B ჯგუფში მისი მეტოქეები „ატლეტების“ გარდა „მილანი“ და „პორტუ“ არიან.

ამრიგად, „ლივერპულს“ ყველა შეჯიბრებაში ერთად უკვე 25 თამაშია არ წაუგია.

BT Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ოუენმა თქვა: „ლივერპულელებს ყველაზე დიდი საფრთხე ისევ ინგლისური გუნდებისგან, „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსისგან“ (წინა გათამაშების ფინალისტი და გამარჯვებული) ელის. რაც შეეხება „ენფილდის“ფაქტორს, ეს ისეთი რამ არის, რაც ჩემი გონებიდან ვერასოდეს ამოვა. მტერს, თუ საპასუხო თამაში „ენფილდზე“ გიწევს. ეს გუნდი შინ ფაქტობრივად არასდროს მარცხდება.

ამრიგად, შეიძლება თქმა, რომ „ლივერპული“ ფავორიტია“.

თუ მერსისაიდელები მართლა მოიგებენ ჩემპიონთა ლიგას, ეს მათთვის ბოლო ოთხ წელიწადში მეორე ტრიუმფი იქნება. 2019 წელს „წითლებმა“ ფინალში კვლავ და კვლავ ინგლისის გუნდი, „ტოტენჰემ ჰოთსპური“ დაამარცხეს.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მიმდინარე გათამაშების ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურია, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ ფლეი-ოფში ოთხივე ინგლისური გუნდი მოხვდება. „ლივერპულს“ თავი უკვე ქუდში აქვს, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „სიტი“ თავიანთ ჯგუფებში პირველ ადგილებზე არიან, „ჩელსი“ კი სულ მცირე მეორე ადგილით გააღწევს შეჯიბრების მეორე ეტაპზე.

ამიტომაც ამბობს ოუენი, რომ პრემიერლიგამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა — ევროპაში ის პირველია. აქ მსოფლიოს ძალიან ბევრი წამყვანი ფეხბურთელი და მწვრთნელია თავმოყრილი.

ოუენი: „ჩემი აზრით პრემიერლიგა დანარჩენ ლიგებს მნიშვნელოვნად სჯობს და კიდევ უფრო ვითარდება. აი, თუნდაც ის რად ღირს, რომ ამ შემოდგომაზე, მოულოდნელად იტალიური სერია A-ს ორი საუკეთესო ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ და რომელუ ლუკაკუ ინგლისში გადმობარგდნენ.

ლეო მესი კი ყველაზე სუსტ ლიგაში გადავიდა. საფრანგეთის ჩემპიონატს სერიოზულად არც განვიხილავ. თან, მესი ესპანეთიდან წავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანეთის ჩემპიონატი სულ უფრო უფრო სუსტდება. პლუს, საუკეთესო მწვრთნელებიც ჩვენთან მოდიან“.