ხუთი მცველით თამაში მხოლო 38 წუთს გაგრძელდა. პოლ პოგბა 69-ე წუთზე შეცვალეს. „მანჩესტერ იუნაიტედს“ ორჯერ მოუხდა ჩამორჩენის გამოსწორება — თავად წინ არ გასულა.

და მაინც, ოლე გუნარ სულშერის გუნდი ჩემპიონთა ლიგაში F ჯგუფს ლიდერობს. დიდი ალბათობით ის ფლეი-ოფში გავა — „ვილიარეალი“ და „ატალანტა“ ბოლო ტურში თამაშობენ და ალბათ ქულებს დააკარგვინებენ ერთმანეთს. მანამდე „იუნაიტედს“ „ვილიარეალთან“ სტუმრად აქვს სათამაშო, ბოლო ტურში კი „იანგ ბოიზს“ მასპინძლობს.

ამრიგად, ინიციატივას „იუნაიტედი“, ოლე… არა, კრიშტიანუ რონალდუ ფლობს.

მორიგი დარტყმა და მორიგი გადარჩენა. პორტუგალიელი ვარსკვლავი მიმდინარე სეზონში მარტოხელა გმირის როლს ასრულებს. რაც „ოლდ ტრეფორდზე“ დაბრუნდა, მან ჩემპიონთა ლიგაში უკვე ზედიზედ მეოთხე გოლი გაიტანა. სტატისტიკოსებმა ჩახედეს და ნახეს, რომ ასეთი რაღაც 2003 წელს რუდ ვან ნისტელროის გაუკეთებია, მაგრამ ვან ნისტელროი ბოლოწამის საბედისწერო დარტყმებს არ ასრულებდა.

თუმცა, მედალს მეორე მხარეც აქვს: რონალდუ თებერვალში 37 წლის ხდება… ამით იმის თქმა გვინდა, რომ მართალია ჩვენ, ნეიტრალური მაყურებელი, მისი გმირობითა და კლასით აღფრთოვანებულები ვართ, მაგრამ მანჩესტერში საკითხს ასე უყურებენ: რამდენად სწორია ამ ასაკის კაცზე გუნდის აწყობა? „იუნაიტედში“ ხომ მაღალი დონის ახალგაზრდები თამაშობენ. განა უფრო სწორი არ იქნება გუნდი მათზე იყოს აგებული, რონალდუ კი აძლიერებდეს?

არადა, პორტუგალიელი ისეთი დიდი ფეხბურთელია, რომ მის ლიდერობაზე უარს ქვეყნად ვერც ერთი მწვრთნელი ვერ იტყვის. კრიშტიანუ ისეთ რაღაცებს აკეთებს, რის გაკეთებაც სხვას, თან არა მარტო „მანჩესტერ იუნაიტედში“, არ შეუძლია. გაიხსენეთ გოლი „ტოტენჰემის“ კარში. ორივე საგოლე ეპიზოდი ბერგამოში…

ბერგამოში თამაშის დამთავრებამდე 21 წუთი რომ რჩებოდა, მარკუს რეშფორდი გაიყვანეს, რადგან მოედანს დიდად არ ეტყობოდა, რონალდუ კი ბოლომდე დარჩა — დიდებული, წინამძღოლი, მხსნელი!

როგორც „დეილი მეილი“ წერს, პორტუგალიელი თამაშის მსვლელობისას ისეთ რაღაცებს ამჩნევს, რისი დანახვაც მხოლოდ მას შეუძლია.

მე-12 წუთზე ანგარიში სლოვენიელმა ნახევარმცველმა, 33 წლის იოზიპ ილიჩიჩმა გახსნა.

45+1 წუთზე რონალდუმ გაათანაბრა.

56-ე წუთზე „ატალანტა“ 30 წლის კოლიმბიელმა თავდამსხმელმა დუვან საპატამ კვლავ გაიყვანა წინ.

90+1 წუთზე რონალდუმ გაათანაბრა.

თუმცა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ქომაგებს რომ სხვა ამბიცია აქვთ და „ატალანტასთან“ თამაშის გადარჩენა მათი ოცნების მწვერვალი არ არის, ეს სხვა თემაა.