ნუნუ ესპირიტო სანტო „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მწვრთნელის თანამდებობიდან მოხსნეს. მან „დეზების“ მესაჭედ 124 დღე გაძლო.
ესპირიტო სანტოს სამსახურიდან გაშვება ფეხბურთელებს დილის 9 საათსა და 20 წუთზე შეატყობინეს, რამაც ისინი გააკვირვა. ადრე თუ გვიან მწვრთნელს რომ გაუშვებდნენ ყველამ იცოდა, მაგრამ ასე თუ იჩქარებდნენ არავინ ელოდა.
როდესაც „სფურზმა“ ჟოზე მოურინიუს შემცვლელად ესპირიტო სანტო აირჩია, კლუბში ბევრს ეგონა, რომ მოჰყავდათ დეტალებისადმი ყურადღებიანი, კირკიტა სპეციალისტი, მაგრამ ხელში სხვანაირი კაცი შერჩათ. ფეხბურთელები არაერთხელ გაოცდნენ მატჩების წინ მეტოქის შესწავლისადმი ზერელე დამოკიდებულებით.
ამ მხრივ გამორჩეული გახლდათ მატჩი „არსენალთან“, რომელიც „სფურზმა“ 1:3 წააგო. მატჩის დამთავრების შემდეგ, „ტოტენჰემის“ ფეხბურთელები ავტობუსში ჩიოდნენ, რომ ამ შეხვედრისგან მეტს არაფერს ელოდნენ, რადგან წინა დღეებში ფაქტობრივად არ მომზადებულან.
პირველი ტაიმის შემდეგ „არსენალი“ 3:0-ს იგებდა. მატჩის შემდეგ ნუნუმ ასე თქვა: „როდესაც შეხვედრის გეგმას შეადგენ, მერე წყვეტ, ვინ უნდა ათამაშო და ვინ არა. დღევანდელ წაგებაში დამნაშავე მე ვარ. კონკრეტულად არავის დავასახელებ, მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელი შეხვედრის გეგმას არ შეესაბამებოდა“.
როგორც ჩანს, დაახლოებით ამდაგვარი რაღაც მოხდა „კარაბაოს თასზე“ „ბარნლისთან“ თამაშის დროსაც. „ტოტენჰემის“ ფეხბურთელები ტოვებდნენ იმ ადამიანების შთაბეჭდილებას, რომელთაც არ იციან რა გუნდა გააკეთონ.
„სფურზის“ ტაქტიკა გაშარჟებულად რომ ვთქვათ, ასეთი იყო: ყველანი მაგრად დადექით, ჰარი (კეინი) ან სონი კი გოლს გაიტანენ. ეს, რასაკვირველია, ლოგიკური გეგმაა, მაგრამ როდესაც ჰარისა და სონს თამაში არ მისდით, აღარ ვარგა.
ვითომ, ამ შემოდგომაზე ჰარი და სონი უკეთეს ფორმაში რომ ყოფილიყვნენ, ნუნუ ახლაც „ტოტენჰემში“ იმუშავებდა?
„დეილი მეილი“ კი ასეთ კითხვას სვამს: მაშინ, რატომ ათამაშა პორტუგალიელმა მწვრთნელმა „ვულვერჰემპტონთან“ გუნდი სამი მცველით? ამ ექსპერიმენტით რის დამტკიცება უნდოდა? იქნებ ვინმესგან ზეწოლა იგრძნო, უთხრეს, რომ „სფურზს“ რაღაც თვისება მოაკლდა და ტრადიციას აღდგენა სჭირდებოდა?
როგორც ჩანს, პასუხი არავინ იცის.
იყო კიდევ ერთი მომენტი. ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ ნუნუ ესპირიტო სანტო კლუბის თავმჯდომარის დენიელ ლევის ნომერ პირველი არჩევანი არ იყო. ის კი არა, მეორეც არ იყო. იქნებოდა ასე, მეშვიდე. ასეთ პირობებში კი მწვრთნელისთვის ძნელია გასახდელში შევიდეს და ავტორიტეტულად მართოს გუნდი.
ფეხბურთელები სულელები ხომ არ არიან? როდესაც ნახეს, რომ კლუბმა მათ ახალ მწვრთნელს მხოლოდ ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, მიხვდნენ, რომ ის დირექტორატისთვის არასასურველი კაცი იყო.
ამბობენ, რომ არც თავად ნუნუს უღონია ბევრი რამ, მდგომარეობის გამოსასწორებლად. ის ვარჯიშებს მოღუშული ატარებდა, ფეხბურთელებს მოკლედ ელაპარაკებოდა და სასიამოვნო ხელმძღვანელი ნამდვილად არ იყო.