ნუნუ ესპირიტო სანტოს სამსახური აქვს შესანარჩუნებელი — „ტოტენჰემის“ თავმჯდომარემ დენიელ ლევიმ კვირას კლუბში კრიზისისადმი მიძღვნილი საგანგებო თათბირი მოიწვია.
ლევიმ სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩისთან მწვრთნელის გაშვება-დატოვების საკითხზე ილაპარაკა. ეს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შინ 0:3 დამარცხების მეორე დღესვე მოხდა.
ამრიგად, „დეზების“ შეფი 47 წლის ესპირიტო სანტოს გაშვებაზე ფიქრობს. ნუნუმ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 10 ტურში ხუთი თამაში მოიგო, ხუთი კი წააგო — ფრე არ უთამაშია.
თუ ნუნუ სამსახურს დაკარგავს, მაშინ ის გამოვა მწვრთნელი, რომელმაც ლევის ხელში ყველაზე ცოტა ხანს გაძლო თანამდებობაზე. ესპირიტო სანტო 124 დღეა, რაც „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ უდგას სათავეში.
აქამდე, ჩრდილოეთ ლონდონის ამ კლუბში ყველაზე ცოტა ხანს ფრანგმა ჟაკ სანტინიმ იმუშავა, რომელმაც „დეზებში“ 155 დღე დაჰყო.
შაბათს, როდესაც „სფურზი“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მარცხდებოდა, ფანები ტრიბუნებიდან ყვიროდნენ: „ჩვენ გვინდა, რომ ნუნუ წავიდეს“.
პორტუგალიელისთვის მდგომარეობა ძალიან არასახარბიელო იყო, თუმცა გულშემატკივრის გაგებაც შეიძლება — გუნდმა მთელი შეხვედრის განმავლობაში კარში ერთხელაც ვერ დაარტყა.
მეორე მხრივ, „ტოტენჰემის“ ფანები თავად ლევის გაშვებასაც ითხოვდნენ. ერთ ეპიზოდში კი, როდესაც ჰარი კეინმა კარში დარტყმის ნაცვლად თანაგუნდელს პასი გადააწოდა, არც ის დაინდეს და ხმამაღალი „ბუუუუ“ მიაყოლეს.
ნუნუ ესპირიტო სანტო „ტოტენჰემამდე“ „ვულვერჰემპტონში“ მუშაობდა. ახალ გუნდს მან 17 შეხვედრაში უხელმძღვანელა. „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხების შემდეგ პორტუგალიელმა თქვა:
„კრიტიკა ჩემთვის გასაგებია, რადგან კარგი შედეგები არ გვაქვს. როდესაც გუნდი ცუდად თამაშობს, ფანები უკმაყოფილოები არიან. ახლა ჩვენზეა. გულშემატკივარს უნდა ვაჩვენოთ, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველა ღონეს ვხმარობთ. ჩვენ ჩვენი უნდა ვქნათ და მათ მოკრძალებით ვთხოვოთ მხარში დგომა“.
თუმცა, სულ სხვანაირად ილაპარაკა გაღიზიანებულმა ნახევარმცველმა პიერ-ემილ ჰოიბერგმა: „ასეთი რაღაც მიუღებელია. შინ, საკუთარ სტადიონზე, სადაც ფოიერვერკი უნდა ბრდღვიალებდეს და მტკიცე ხასიათის დემონსტრაცია უნდა ხდებოდეს, სულ სხვა ატმოსფეროა. მაგრამ, ჯობს გავჩუმდე, ბევრი არ ვილაპარაკო…“