„ბარსელონას“ დროებითი მწვრთნელი, გუნდის ყოფილი ფეხბურთელი (1993-2002) 49 წლის სერხი ბარხუანი უკვე შეხვდა პირველი გუნდის მოთამაშეებს.

„ბლაუგრანამ“ დრო არ დაკარგა და რონალდ კუმანის თანამდებობიდან მოხსნისთანავე შეარჩია კაცი, რომელიც საქმეს მომავალი მთავარი მწვრთნელის ჩავის ესპანეთში დაბრუნებამდე გაუძღვება, შემდეგ კი სავარაუდოდ მის ასისტენტად იმუშავებს.

თავდაპირველად ყველას ეგონა, რომ რამდენიმე თამაშით „ბარსას“ გაძღოლას „ლა მასიას“ ანუ კლუბის აკადემისს მწვრთნელს ალბერტ კაპელასს დაავალებდნენ, მაგრამ ჟოან ლაპორტამ და მისმა მრჩეველებმა გადაწყვიტეს საქმე იმ სპეციალისტისთვის მიენდოთ, რომელიც, როგორც ჩანს, მომავალში ჩავის მარჯვენა ხელი იქნება.

სერხი 2017 წელს „მალიორკას“ ედგა სათავეში, მაგრამ ვერ იყოჩაღა, გუნდი ესპანური ფეხბურთის იერარქიის მესამე დივიზიონში გაუვარდა.

ვეტერანი „მალიორკას“ გარდა მუშაობდა „რეკრეატივოში“, „ალმერიაში“ და ჩინურ „ჟეიანგ გრინთაუნში“, ხოლო 2021 წლიდან „ბარსას“ B გუნდს ხელმძღვანელობდა.

ჩავის „ბარსელონაში“ ჩასვლასთან დაკავშირებით კი საქმე ასეა: მოლაპარაკების თანახმად, ის „ბარსას“ მიმდინარე სეზონს ჩაამთავრებინებს და კიდევ ორ სეზონს დარჩება „კამპ ნოუზე“ — ხელშეკრულება 2024 წლის ივნისამდე გაფორმდება.

ჯერჯერობით ის ყატარის კლუბის „ალ სადის“ მწვრთნელია. „ალ სადს“ 30 ოქტომბერს მნიშვნელოვანი მატჩი აქვს „ალ აჰლისთან“ და მანამდე კატალონიელის სამშობლოში ჩასვლა გამორიცხულია. ზოგადად კი ყატარული კლუბის ხელმძღვანელები მას საოცნებო „ბარსელონაში“ დაბრუნებაში ხელს არ უშლიან.

„ალ სადის“ პრეს-კონფერენციაზე ჩავიმ „ბარსელონას“ შესახებ არ ილაპარაკა. ცნობილია, რომ ის „ბარსას“ „ალავესთან“ და მომდევნო კვირის შუაში კიევის „დინამოსთან“ ვერ უხელმძღვანელებს. ჩავი ერნანდესი 6 ნოემბერს სტუმრად „სელტასან“ შეუდგება საქმეს.