ჟოზე მოურინიუს „კალიარისა“ და „რომას“ შეხვედრაში, თავისი გუნდის გასახდელში შესვლა აკრძალული ჰქონდა. „განსაკუთრებულმა“ გადაწყვიტა ეს აკრძალვა აბუჩად აეგდო. მან ასეთი რამ მოიფიქრა: სადილი კონტეინერით მოიმარაგა და  „კალიარის“ სტადიონის გარეთ კიბეებზე მიირთვა.

დისკვალიფიკაციით მოურინიუ წინა ტურში, „ნაპოლისთან“ შეხვედრის შემდეგ დასაჯეს. თამაში „სტადიო ოლიმპიკოზე“ 0:0 დამთავრდა, მაგრამ მას ახლდა ვნებათაღელვა. პორტუგალიელს მსაჯმა წითელი ბარათი ამოუღო, მან კი სარკასტულად ტაში დაუკრა. „რომას“ თავკაცი მოედნიდან ესკორტით გაიყვანეს და, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „კალიარისთან“ შეხვედრაში გასახდელში შესვლა აუკრძალეს.

„რომამ“ კალიარიში 2:1 მოიგო. მოურინიუ კი შედეგითაც კმაყოფილი დარჩა, კერძითაც და იმითაც, რომ ამ დღეს, „რომაში“ დებიუტი ჰქონდა 18 წლის განელ თავდამსხმელს ფელიქს ოჰენე აფენა-გიანს.

მატჩის შემდეგ მოურინიუმ თქვა: „თამაში დამთავრდა… 3 ქულა მოვიპოვეთ… საჭმელი გემრიელი იყო… იმ ბავშვს, აფენა-გიან ფელიქსს დებიუტი ჰქონდა“.