იტალიურ ფეხბურთში ახალი სკანდალი მწიფდება. საფეხბურთო კლუბების კომისიის ანგარიშის შემდეგ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია 2019-დან 2021 წლამდე განხორციელებულ 62 ტრანსფერს შეისწავლის.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყურადღება კლუბების საეჭვო ტრანსფერებზეა გამახვილებული. მაგალითისთვის: 2021 წელს, „იუვენტუსმა“ მარლი აკე შეიძინა, რომლის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო გადაიხადა. იგივე თანხის სანაცვლოდ „იუვედან“ „მარსელში“ ფრანკო ტონჯა გადავიდა. სადღეისოდ, ტონჯა საფრანგეთის რანგით მეოთხე დივიზიონში ასპარეზობს, აკე კი, სერია C-ში.
კომისია ვარაუდობს, რომ 62 ტრანსფერში ფეხბურთელთა ღირებულება ხელოვნურად, ყოველგვარი ობიექტური მიზეზების გარეშე იქნა გაზრდილი. გარიგებების უმრავლესობა ტურინის „იუვენტუსს“ უკავშირდება – „ბებერი ქალბატონი“ 62-დან 42 ტრანსფერის მონაწილეა.
თუმცა, საქმეში მარტო „იუვე“ არ ფიგურირებს. „ლილმა“ „ნაპოლისგან“ ოთხი ფეხბურთელი მიიღო და მათ სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადა. ახლა ორი მათგანი სერია D-ში თამაშობს, ერთი – სერია C-ში, ხოლო ერთი „ლილში“ ირიცხება, ოღონდ არ თამაშობს.