ტოპ 14-ის რეგულარული სეზონის მერვე ტური სარეკორდო გამოდგა ქართველი მორაგბეებისთვის. არა, ჩვენს ბიჭებს, სამწუხაროდ, არც ლელო დაუდიათ, არც რეალიზაცია, ჯარიმა თუ არეკნი გაუტანიათ. უბრალოდ, ტურის 7 მატჩში ერთბაშად 20-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და სწორედ ესაა ამ მხრივ უმაღლესი მიღწევა. ასეთი რამ აქამდე არასდროს დაფიქსირებულა…
წარმატებებისა კი რა გითხრათ – ზოგმა მოიგო, ზოგმე -ვერა. ბორჯღალოსანმა ბექა გორგაძემ „კლერმონთან“ შეუცვლელად კი ითამაშა, მაგრამ მისი „პო“ „ვულკანებთან“ 20:42 დამარცხდა და მასპინძლებს ბონუსიც დაუტოვა.
„ბიარიცმა“ „ბრივს“ უმასპინძლა და პრემიალური ქულით, 37:9 დაამარცხა. გამარჯვებულთა სასტარტოში იყვნენ და 56-ე წუთამდე ლუკა აზარიაშვილმა და თორნიკე ჯალაღონიამ ითამაშეს, ხოლო გიორგი ნუცუბიძე შეცვლაზე 62-ეზე შევიდა. ბრიველთა სასტარტოში კი სამი ქართველი იყო – ვანო კარკაძე (64-ე წუთზე შეცვალეს), ვასილ ლობჟანიძე (48-ემდე) და ლუკა ჯაფარიძე (52-ემდე), რომელიც მე-16 წუთზე ყვითელი ბარათით დასაჯეს. 68-ე წუთზე კი თამაშში თედო აბჟანდაძე ჩაერთო.
„ბორდომ“ „პერპინიანს“ ბონუსით, 39:13 მოუგო და კვლავაც ლიდერ „ტულუზს“ კვალში უდგას. მასპინძელთა შორის 48-ე წუთზე ლექსო ყაულაშვილი გამოჩნდა, ხოლო კატალონიელთა სასტარტოში დავით ქუბრიაშვილი იყო, ვინც შესვენების შემდეგ ვახტანგ ჯინჭარაძემ ჩაანაცვლა. ახალგაზრდა ბურჯისთვის ეს იყო ტოპ 14-ში სადებიუტო მატჩი.
„სტად ფრანსე“ ეტყობა გონს მოეგო – ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. ამჯერად პარიზელებმა „ლიონი“ 23:18 დაამარცხეს და აქ თითო აგური ქართველებმაც დადეს – ვასილ კაკოვინი პირველიდან 57-ე წუთამდე იყო თამაშში, ხოლო გიორგი მელიქიძე ასევე სასტარტოში იყო, მაგრამ დაზიანების გამო მოედანი მე-20 წუთზე დატოვა, 39-ეზე დაბრუნდა, თუმცა 28 წუთში კვლავ გავიდა თამაშიდან. სტუმრებმა მცირედით მარცხისთვის ბონუსი მიიღეს, ხოლო 19 წლის დავით ნინიაშვილმა თამაში გარემარბის პოზიციაზე შეუცვლელად ჩაატარა.
„რასინგ-92“ შინ „მონპელიესთან“ მოულოდნელად დამარცხდა – 21:32. პარიზელთა ქართველი გურამ გოგიჩაშვილი შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდა, სტუმართა სასტარტოში კი დაბრუნდა მიშა ნარიაშვილი, ვინც 49-ეზე დაასვენეს.
ლევან ჩილაჩავამ „კასტრში“ ბოლო 15 წუთი ითამაშა, თუმცა თავისი გუნდი ჩემპიონ „ტულუზთან“ გასვლითი შერცხვენისგან ვერ იხსნა – 44:0 და ტულუზელები ცხრილს უკვე 31 ქულით ლიდერობენ.
„ლა როშელმა“ კი გრანდყოფილი „ტულონი“ შეარცხვინა – 39:6. მასპინძელთა შორის 58-ე წუთზე გურამ პაპიძე გამოჩნდა, ხოლო ბექა გიგაშვილმა ტულონელთა შემადგენლობაში სასტარტო კვაჭად (!) მოგვევლინა – სეზონი მარცხენა ბურჯად დაიწყო, შემდეგ მარჯვენა გახდა, ახლა კი შერკინების პირველიხაზის ცენტრში გადაინაცვლა. ბექამ ლა როშელში ამ ამპლუაში 65-ე წუთამდე ითამაშა, 5 წუთით სული მოითქვა და მერე დაღლილი ბურჯის ნაცვლად თამაში ბოლომდე მიიყვანა.