„მარკა“ წერს, რომ „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლა ფინიშის სწორს გავიდა, მაგრამ  ინტრიგა აღარ არსებობს, რადგან აშკარაა, რომ ჯილდოს ლეო მესი მოიგებს. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ერთმანეთს ისეთი ფეხბურთელები ეჯიბრებიან, როგორებიც არიან ქარიმ ბენზემა, რობერტ ლევანდოვსკი, კრიშტიანუ რონალდუ, ჟორჟინიო და სხვანი. „ფრანს ფუტბოლი“ გამარჯვებულს 29 ნოემბერს დაასახელებს,

თავისი მკითხველების გამოკითხვა „მარკამაც“ გამართა. ხმათა 34 პროცენტი სწორედ მესიმ მიიღო, 26 პროცენტი ქარიმ ბენზემამ, 11 კი ლევანდოვსკიმ.

მადრიდული გამოცემა წერს, რომ არგენტინელმა მორიგი ფანტასტიკური წელიწადი ჩაატარა. შემდეგ, გაზეთს მოჰყავს სხვადასხვა ფეხბურთელისა თუ მწვრთნელის აღფრთოვანებული გამონათქვამები პლანეტის ჯერჯერობით ექვსგზის საუკეთესო მოთამაშის შესახებ. აი, მაგალითად, მესის უახლოეს მეგობარს, ურუგვაელ ლუის სუარესს არგენტინულ „ოლესთთან“ ინტერვიუში უთქვამს:

– როდესაც „ოქროს ბურთის“ კანდიდატებს განიხილავ, მარტო იმას კი არ უნდა შეხედო, ვინ ითამაშა ამ წელიწადს კარგად, არამედ იმას უნდა შეხედო, ვინ როგორი ფეხბურთელია. მე მწამს, რომ მესის კონკურენტი არ ეყოლება“.

„მარკას“ აზრით, არგენტინელს 2021 წელს თავისი დიდებული სვლა არ შეუნელებია. მან „ბარსელონას“, „პარი სენ ჟერმენისა“ და არგენტინის ნაკრების მაისურით 48 შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი შეასრულა.

„ბარსელონას“ შემადგენლობაში მესიმ მოიგო ესპანეთის სამეფო თასი, ხოლო არგენტინის ნაკრებთან ერთად „კოპა ამერიკა“ აღმართა.

იტალიის ნაკრებისა და „ჩელსის“ ნახევარმცველმა, 2020 წლის ევროპის ჩემპიონმა და გამოკითხვაში მესის კონკურენტმა ჟორჟინიომ Twitch-ზე ვეტერან ანტონიო კასანოსთან საუბარში თქვა: „ოქროს ბურთი“ მესის ნაცვლად მე რომ მომცენ, ნამდვილი სკანდალი იქნება. ამ ჯილდოს ყოველთვის ის უნდა იგებდეს“.

„პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო: „რად უნდა ლაპარაკი, რომ „ოქროს ბურთი“ მესიმ უნდა მოიგოს. მე მისი მწვრთნელი რომც არ ვიყო, მაინც მესის ვიტყოდი. ამას გულწრფელად ვამბობ“.

თავად არგენტინელმა კი ამასწინათ მოკრძალებით თქვა: „თავს ფავორიტად არ ვგრძნობ. საერთოდ არ მიყვარს შედეგების გამოცხადებამდე ამ თემაზე ლაპარაკი. თუ გავიმარჯვებ, დიდებული იქნება“.

ლეო მესიმ „ოქროს ბურთი“ ბოლოს 2019 წელს მოიგო. თუ 2021 წლის გამოკითხვის გამარჯვებულიც ის გახდება, ეს ჯილდო დაემატება მის მიერ კარიერაში მოპოვებულ 38 ტიტულს, მათ შორის ექვს „ოქროს ბურთს“, 8 „პიჩიჩის“ ანუ ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ჯილდოსა და მრავალ სხვას.