გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“, რომლის კარს ამჯერადაც გუნდის მთავარ მეკარედ დასახელებული 32 წლის ჰოლანდიელი იასპერ სილესენი იცავდა, შინ, „მესტალიაზე“, „მალიორკასთან“ შეხვედრაში 0:2 ჩამორჩენა აღმოფხვრა და ფრედ ითამაშა — 2:2.

ანგარიში ანხელ როდრიგესმა კანგ-ინ ლის პასით გახსნა. ეს 32-ე წუთზე მოხდა. ექვსი წუთის შემდეგ კი მახვილი კუთხიდან შესულმა დანი როდრიგესმა ანგარიში ორამდე გაზარდა, თუმცა გამეორებებმა აჩვენა, რომ ბურთი ბოლოწამს მასპინძლების ფრანგ მცველს მუკტარ დიაკაბის ხელზე მოხვდა და ავტოგოლი იყო. ალბათ, სწორედ ამ რიკოშეტის გამო არ ამახვილებენ ყურადღებას აღწერილ ეპიზოდზე და მას მასპინძელთა ჰოლანდიელი გოლკიპერის შეცდომას არ არქმევენ.

ზემოთ ნახსენებმა ლიმ, რომელიც ადრე „ჩეების“ ფეხბურთელი იყო, 55-ე წუთზე მეორე ყვითელი ანუ წითელი ბარათი მიიღო, რითაც „მალიორკას“ საქმე გაურთულა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები თითქმის 40 წუთის განმავლობაში უმცირესობაში იყვნენ, თამაშმა დრამატული ხასიათი მხოლოდ მსაჯის წამატებულ დროში მიიღო — 93-ეზე გონსალო გუედეშმა, ხოლო 98-ზე ხოსე გაიამ კუნძულელებს ქულა გამობდღვნეს ხელიდან.

„ვალენსია“ 13 ქულით მე-10 ადგილზეა, და მეთერთმეტეზე ადგილზე მყოფ „ესპანიოლთან“ არის ტოლად.

შემდეგი შეხვედრა ხოსე ბორდალასის გუნდს სტუმრად აქვს, „რეალ ბეტისთან“, რასაც „ვილიარეალთან“ მასპინძლება მოსდევს.

AS-ს თავის მიმოხილვაში უწერია, რომ „ღამურებმა“ ბოლო 6 შეხვედრაში 11 გოლი გაუშვეს, რითაც გაზეთი დაცვის სისუსტეს უსვამს ხაზს, ჩვენ კი დავაზუსტებთ, რომ ამ 11 გოლიდან ექვს შემთხვევაში იასპერ სილესენი იდგა კარში, ხოლო „რეალთან“ და „სევილიასთან“ გიორგი მამარდაშვილი თამაშობდა. სულ, „ვალენსიას“ 10 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გაშვებული. 6 ტურში კარს ქართველი გოლკიპერი იცავდა და მის დროს 7 გოლი გავიდა, 4 ტურში კი ჰოლანდიელი, რომელსაც, როგორც ზემოთ მოგახსენეთ ექვსჯერ გაუტანეს.

„ელ კლასიკოს“ გუნდებიდან, მადრიდელებთან კარს მამარდაშვილი იცავდა, ხოლო „ბარსელონასთან“ სილესენი. „რეალმა“ „ვალენსიას“ 2 გოლი გაუტანა, „ბარსელონამ“ — სამი.