„სანმა“ შეიტყო, რომ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ატალანტას“ ჩემპიონთალიგური შეხვედრის შესვენებისას, როდესაც სტუმრები 2:0-ს იგებდნენ, კრიშტიანუ რონალდუმ თანაგუნდელებს შავი დღე აყარა.

უკბილო პირველი ტაიმის შემდეგ ოლე გუნარ სულშერი თურმე ფეხბურთელების დამშვიდებას ცდილობდა, როდესაც მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა გადაწყვიტა საქმეში ჩარეულიყო და სერ ალექს ფერგიუსონის არსენალიდან ნაცადი იარაღისთვის მიემართა.

წყარომ, რომელსაც „სანი“ ბუნებრივია არ ასახელებს, თქვა: „კრიშტიანუმ მთელს გუნდს შეუძახა. უთხრა, რომ ამგვარი თამაში დაუშვებელია.

მან ფეხბურთელებს ჰკითხა, ნუთუ არ გრცხვენიათ ასე რომ თამაშობთო. „მანჩესტერ იუნაიტედი“ თავისი ფანების წინაშე სხვა ფეხბურთს უნდა აჩვენებდესო. ეს თამაში უნდა მოვიგოთო. თუ ვერ მოვიგებთ, ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში ვერ გავალთო.

შემდეგ სიტყვა ისევ სულშერმა დაიბრუნა, რომელმაც ბიჭებს უთხრა, რომ თუკი მეორე ტაიმში პირველ გოლს ისინი გაიტანდნენ, თამაშის მოგება ჯერ კიდევ შეიძლებოდა”.

ბრუნო ფერნანდეშსაც გამოუჩენია თავი. მას მწვრთნელისთვის უთქვამს, რომ ტაქტიკის შეცვლა იყო საჭირო. ნება მომეცი, მოედანზე უკან, მოედნის სიღრმეში დავბრუნდე, რათა ბურთი მოვიპოვო და უფრო ხშირად მქონდესო.

შედეგად, მეორე ტაიმში „იუნაიტედმა“ სამი გოლი გაიტანა — 3:2 გაიმარჯვა. გამარჯვების გოლი 81-ე წუთზე კრიშტიანუმ შეაგდო.

გაზეთი წერს, რომ შესვენებისას მომხდარი ამბავი გუნდში რონალდუს და ფერნანდეშის გავლენის ზრდაზე მიუთითებს.

„მანჩესტერ იუნაიტედს“ კვირას, 24 ოქტომბერს, პრემიერლიგაში ძალიან მნიშვნელოვანი თამაში აქვს „ლივერპულთან“. ბოლო სამ ტურში, სულშერის გუნდმა ორი შეხვედრა წააგო და ერთი ფრედ ითამაშა.

თუ რონალდუ და კამპანია დამარცხდებიან, „ლივერპულს“ შემაშფოთებელი 7 ქულით ჩამორჩებიან, ლიდერ „ჩელსის“ კი ალბათ რვით.

ბრუნო ფერნანდეშმა თქვა: „ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი. მწვრთნელმაც იცის, რომ მათი მხრიდანაც არის რაღაც-რაღაცები შესაცვლელი, მაგრამ ეს ნორმალურია. ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია.

ჩვენ სულშერს სრულიად ვენდობით. ის ჩვენი თავკაცია. ჩვენ მის იდეებს მივდევთ.

რასაკვირველია, როდესაც საქმე ცუდად მიდის, ფეხბურთელები ღიზიანდებიან. მათ ეჭვი ეპარებათ, რომ მწვრთნელი სწორად არ ათამაშებთ. ჩვენ, ფეხბურთელები ხომ ვფიქრობთ, რომ ყოველთვის მართლები ვართ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, მართალია მწვრთნელი თუ ცდება, ბოლომდე მის გვერდში უნდა ვიდგეთ“.

რონალდუ: „ჩვენ გადახალისების სტადიაზე ვართ. „იუნაიტედმა“ მიყიდა მე, იყიდა რაფაელ ვარანი და ჯეიდონ სანჩო. ადაპტაციას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ თანდათანობით ყველა თავის როლს მოერგება. მე, მაგალითად, ჩემი როლი ვიცი, ეს გოლების გატანაა.

თუ საქმეს ყველა თავდადებით მიუდგება, უფრო ძლიერი გუნდი გავხდებით“.