ხანდახან ასეც ხდება – ფარა მოტრიალდება და კოჭლი ცხვარი სათავეში მოექცევა.
არავინ ამბობს, რომ ჯორჯო კიელინი ცუდი ფეხბურთელია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ თვითშეფასების ზღვარი გადალახა. ყოველ შემთხვევაში, ასე გამოჩნდა, როცა მან კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერში“ გადასვლასა და „იუვენტუსის“ წინაშე მის დამსახურებაზე ისაუბრა.
„რონალდუ გუნდიდან 28 აგვისტოს წავიდა. ეს არ იყო ძნელად გადასატანი, მაგრამ გაგვიკვირდა. მისი ასეთ დროს წასვლა საწყის ტურებში დაკარგულ ქულებად დაგვიჯდა. ის რომ 1 აგვისტოს წასულიყო, გაცილებით მეტი დრო გვექნებოდა ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად. რონალდუმ მიაღწია წერტილს, როცა ახალი აღმაფრენისთვის დასჭირდა გუნდი, რომელიც მასზე ითამაშებს. არ გამკვირვებია. ეს მთელი მისი კარიერის და ჩვენთან გატარებული სამი წლის განმავლობაში ცხადად ჩანდა“, – ეს კიელინის სიტყვებია.
გავა ორიოდე წელიწადი. ჯორჯო ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს და ალბათ დაწერს მემუარებს, სადაც ერთ თავს აუცილებლად ერქმევა „ჩემი მეგობარი რონალდუ“.
მანამდე კი ჯორჯო კიელინი „ოქროს ბურთის“ ერთი მეიმდენედი კანდიდატია, რონალდუს კი იმ „ოქროს ბურთებისთვის“ ცალკე ოთახი სჭირდება.
საინტერესოა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსში“ 2018 წლიდან სამი სეზონი ითამაშა და 98 მატჩში 81 გოლი გაიტანა…