„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ვარსკვლავმა პოლ სქოულზმა ჩემპიონთა ლიგაში „ატალანტასთან“ ეფექტური გამარჯვება დაიწუნა. მან საყოველთაო აღფრთოვანებას ცივი წყალი გადაასხა, შემთხვევითობა უწოდა.
შეგახსენებთ, „ოლდ ტრეფორდზე“ „იუნაიტედი“ 0:2-ს აგებდა, მაგრამ 3:2 გაიმარჯვა.
„ვხვდები „იუნაიტედის“ აღტაცებას, მაგრამ იმან, რაც პირველ ტაიმში ვნახე, მეორე ტაიმი მთლიანად დამიჩრდილა. როდესაც გუნდს პრეტენზია აქვს, რომ მეტოქეზე ბევრად ძლიერია, მაშინ მან მეტოქე მოედნიდან უნდა გააქროს, — თქვა BT სპორტის ექსპერტმა და დასძინა, — თან „ატალანტას“ ხუთი ფეხბურთელი აკლდა. ვიმეორებ, გამარჯვებით აღტაცებას ვიზიარებ, მაგრამ თამაშის ხარისხი არ მომეწონა, შემაშფოთებელი იყო. გუნდს ერთსულოვნება აკლდა. ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ ასეთი ფეხბურთით „იუნაიტედი“ უფრო ძლიერ გუნდებსაც ტოლს არ დაუდებს? გამორიცხულია!
რასაკვირველია, დიდებული საღამო იყო, მაგრამ პირველ ტაიმში დიდი იმედგაცრუება განვიცადე.
ნეიტრალური მაყურებლისთვის ეს იქნებოდა დიდებული თამაში, ამაღელვებელი ეპიზოდებით სავსე, მაგრამ მე ვალდებული ვარ რეალისტად დავრჩე. მე „მანჩესტერ იუნაიტედისგან“ მეტს ვითხოვ და ვფიქრობ, რომ მას ასეთი რამ აღარ უნდა მოუვიდეს. მანჩესტერელებმა ითამაშეს, როგორც ჩვეულებრივმა კარგმა გუნდმა, მაგრამ ეს მსოფლიო კლასის ფეხბურთი ნამდვილად არ ყოფილა.
ვუყურებდი „ატალანტასთან“ თამაშს და „ლივერპულთან“ კარსმომდგარ შეხვედრაზე ვფიქრობდი. აგრეთვე, „მანჩესტერ სიტისთან“ 6 ნოემბრის მატჩი მიტრიალებდა გონებაში. თუ „იუნაიტედი“ ამ გუნდებთანაც დღევანდელივით ორი ცენტრალური ნახევარმცველით ითამაშებს (4-2-4), მეტოქე სამი ან ოთხი ბურთით დაწინაურდება და არანაირ „ქამბექზე“ აღარ იქნება ლაპარაკი. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იდგება იმ ორი საყრდენის პოზიციაზე. ასე, ნებისმიერი ევროპული გუნდი დაგანგრევს.
წარმომიდგენია, როგორ უყურებდა „ატალანტასთან“ შეხვედრის პირველ ტაიმს იურგენ კლოპი და როგორ იფშვნეტდა სიამოვნებისგან ხელებს“.