ეს კვლავ ჩემპიონთა ლიგაში მოხდა. კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მორიგ სენსაციურ „ქამბექს“ დაადგა გვირგვინი. F ჯგუფში ოლე გუნარ სულშერის გუნდმა „ატალანტას“ მოუგო.
გეხსომებათ კრიშტიანუს გოლი „ვილიარეალთან“, მსაჯის წამატებულ წუთებში. და აი, კვლავ გამარჯვების დარტყმა. ამჯერად 81-ე წუთზე. მანკუნიანელები ბერგამოელებთან 0:2-ს აგებდნენ, მაგრამ შემოატრიალეს — 3:2 მოიგეს.
ბედის ირონიაა, რომ ამ შეხვედრის წინ, ყოფილმა თანაგუნდელმა გარი ნევილმა პორტუგალიელს მუყაითობა დაუწუნა. ნევილმა „ევერტონთან“ შეხვედრაც გაიხსენა. იმ დღეს სულშერმა კრიშტიანუ სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშა, მოედანზე გვიან შეიყვანა და შედეგით(1:1) უკმაყოფილო ვარსკვლავი მატჩის შემდეგ გაცეცხლებული გაეშურა გასახდელისკენ.
„ატალანტასთან“ გამარჯვებით ფრთაშესხმულმა სულშერმა კრიტიკოსებს ნიშნი მოუგო.
„თუ ვინმეს მისი გაკრიტიკება მოუნდება, საყვედურს ეტყვის მუყაითობის ან საქმისადმი მიდგომის გამო, უბრალოდ გაჩუმდეს და მისი თამაში ნახოს. ნახოს, როგორ დარბის წინ და უკან. ნახოს, რა დიდებულია კარის წინ“, — თქვა „იუნაიტედის“ მწვრთნელმა.
სულშერმა დასძინა: „დღეს კრიშტიანუ საუცხოოდ გაუძღვა წინა ხაზს. ჩვენ მას მეტოქის საჯარიმო მოედნის მისადგომებში მოძრაობა და მოწინააღმდეგეზე ზეწოლა ვთხოვეთ. შინ ვთამაშობდით, ხალხი ლიდერს უნდა გაჰყოლოდა.
და მან ყველაფერი გააკეთა, რაც ცენტრ-ფორვარდს მოეთხოვება. წინა ხაზს ულიდერა, დაცვაში იმუშავა. ხოლო გოლი, ეს ის არის, რაც მას ყველაზე მეტად ეხერხება“.
იტალიურ გუნდთან დრამატულმა გამარჯვებამ სულშერს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. მისი ხელმძღვანელობით „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 7 შეხვედრიდან 4 წააგო და აკრიტიკებდნენ.
პრესკონფერენციაზე მწვრთნელს უთხრეს, რომ გუნდმა მის გამო ითამაშა ასე თავდადებით. ამ მოსაზრებამ ნორვეგიელი გააბრაზა.
„ამაზე ლაპარაკი არ გაბედოთ. ფეხბურთელების მიმართ უპატივცემულობას ნუ გამოიჩენთ. ისინი „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ თამაშობენ და არიან მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი ადამიანები, რადგან ამ დიდ კლუბში თამაშის ბედნიერება ხვდათ წილად. მილიონობით ბიჭი და გოგო ოცნებობს „იუნაიტედზე“.
არადა, „ატალანტა“ 30-ე წუთისთვის უკვე 2:0-ს იგებდა. „ოლდ ტრეფორდის“ ტრიბუნებზე ინგლისური საპროტესტო „ბუუუ“ გაისმა. მაყურებელმა ობსტრუქცია პირველი ტაიმის შემდეგაც მოაწყო, მაგრამ მეორე ტაიმში ჯერ მარკუს რეშფორდმა შეამცირა სხვაობა (ეს იყო მისი მეორე გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში), შემდეგ კი ჰარი მაგუაირმა გაქვითა ანგარიში.
სულშერი: „არის მომენტები, როდესაც ფანები და ფეხბურთელები ნირწამხდარები არიან, მაგრამ გულშემატკივარი იმის გულშემატკივარია, რომ გუნდს რწმენა დაუბრუნოს. ჩვენს მომღერალ ტრიბუნას მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს.
ჩემი აზრით, ჩვენ პირველ ტაიმშიც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მეტოქეს ორი შანსი მიეცა და ორივეჯერ გოლი გაიტანა. ეს უნდა შეგვეჩერებინა. და ჩვენ ეს გვეხერხება. ფანებს კი თავის ფეხბურთელებში არასდროს ეპარებათ ეჭვი“.