დღეს, საქართველოს დროით 23 საათზე, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „კამპ ნოუზე“ „ბარსელონას“ ხვდება. გიორგი სასტარტო შემადგენლობაში არ იქნება, მაგრამ ვფიქრობთ, „ჩეების“ თამაში ქართველი გულშემატკივრისთვის მაინც საინტერესოა.
მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ასე ილაპარაკა:
— „ბარსელონასთან“ შეხვედრა ჩვეულებრივი მატჩია, რომელშიც სამი ქულა თამაშდება თუ მეტს ნიშნავს თქვენთვის?
— მე ყოველთვის მოგებისთვის ვიბრძვი და თუ ვერ ვიგებ, უკმაყოფილო ვარ. ვცდილობ, ეს დამოკიდებულება გადავდო ფეხბურთელებსაც. მე არ ვიცი როგორ უნდა წააგო კარგად. მართალია, ჩვენს გუნდს რამდენიმე ტურია, რაც არ მოუგია, მაგრამ კარგ ფორმაში ვართ. „ბარსელონას“ დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ „ვალენსია“ ვართ და ამდენად ამბიციურები გახლავართ.
— „კამპ ნოუზე“ არასდროს მოგიგიათ. რამდენჯერ გიოცნებიათ ამაზე?
— რაღაც ყოველთვის ხდება პირველად. და რაც უფრო დიდი ხანია არ მოგიგია, მით უფრო ახლოს ხარ გამარჯვებასთან. რაც შეეხება ოცნებას, რეალისტი ვარ და ოცნების არ მწამს. მე მუშაობის მჯერა. მართალია, ადამიანები რაღაცაზე ყოველთვის ვოცნებობთ, მაგრამ შედეგი მუშაობას მოაქვს.
— ტრავმების მხრივ როგორ არის საქმე?
— რამდენიმე კვირაა ტიერი კორეიას აქვს პრობლემა, მაგრამ აშკარად უკეთ არის. მცირე ტრავმა აქვს ტონი ლატოსაც. ვნახავთ, შეძლებს თუ არა „ბარსელონასთან“ თამაშს. სოლერი, გაია და ჩერიშევი კი მწყობრში არიან.
— როდესაც კლუბის მეპატრონეს პიტერ ლიმს ხვდებით, პრობლემებზე ლაპარაკობთ თუ ეს უბრალოდ თავაზიანობის შეხვედრებია?
— ეს სამუშაო შეხვედრებია. ლიმი, ისევე, როგორც „ვალენსიას“ სხვა მეწილეები თავიანთ მუშა ხელთან საქმიან ურთიერთობას ცდილობენ. ჩვენ ყოველ შეხვედრაზე რაღაც საკითხზე ვმუშაობთ.
— ლიმს ახალ ფეხბურთელებს თუ სთხოვთ?
— მართალია, ლიმს ბევრჯერ არ შევხვედრივარ, მაგრამ ამ საკითხზე ყოველი შეხვედრის დროს ველაპარაკები. ის გულისხმიერი კაცია, მშვიდად გესაუბრება. მასთან ერთად რამდენიმე საკითხი განვიხილეთ, თუმცა ჯერჯერობით მიმდინარე სეზონზე ვფიქრობთ და ახალი ფეხბურთელების ყიდვა დღის წესრიგში არ გვაქვს.
— როგორ შეიცვალა „ბარსა“ მას მერე, რაც კუნ აგუერო და ანსუ ფატი გამოჯანმრთელდნენ?
— ორივე დიდებული ფეხბურთელია. კუნს კარგად ვიცნობთ, ფატიც სწრაფია და სახიფათო. „ბარსელონას“ მესი აღარ ჰყავს, მაგრამ მისი წასვლა ამ გუნდზე მხოლოდ ცოტა ხნით იმოქმედებს, ისევე როგორც კრიშტიანუ რონალდუს წასვლამ იმოქმედა „რეალზე“ ცოტა ხნით. „ბარსელონა“ შემტევი გუნდია, რომელსაც სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს.