სანაკრებო პაუზიდან და საკარანტინე ზომებიდან გამომდინარე, ინგლისურმა „ლივერპულმა“ ალისონი და ფაბინიო კი მოისაკლისა, მაგრამ ამას „უოტფორდის“ 5:0 დამცირებაში ხელი არ შეუშლია.
ლივერპულელები სწრაფი გოლით სადიო მანემ დააწინაურა, ვინაც მოჰამედ სალაჰის პასი შეირგო. ეს გოლი სენეგალელისთვის პრემიერლიგაში მე-100 იყო. ამაზე მეტი აფრიკელთაგან მხოლოდ დიდიე დროგბასა და მოჰამედ სალაჰს აქვთ გატანილი – 104.
თუ მანემ ტემპი შეინარჩუნა, თვის ბოლომდე ორივეს ჩამოიტოვებს. „ლივერპულის“ ბოლო 7 შეხვედრიდან ის მოედნიდან უგოლოდ ორჯერ გავიდა და თუ სანაკრებოსაც მივათვლით, 11 მატჩიდან 9-ში გაიტანა.
მანეს 100 გოლს განსაკუთრებულ ფასს ის სდებს, რომ სენეგალელს არასოდეს დაურტყამს პენალტი. პრემიერლიგის ბომბარდირთაგან, რომლებიც პენალტს არ ურტყამდნენ, მანეზე მეტი მხოლოდ ემილ ჰესკის (110) და ლეს ფერდინანდს (149) აქვთ გატანილი.