გარი ნევილმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ გუშინდელი კატასტროფის შემდეგ (2:4 სტუმრად „ლესტერთან“) თქვა, რომ ოლე გუნარ სულშერის გუნდი არაფრის მომგები არ არის.
ნევილმა „ლესტერ სიტის“ მხოლოდ ნახევრად კარგი გუნდი უწოდა და სინანულით დასძინა, რომ „მანჩესტერი“ ორგანიზაციული თვალსაზრისით იმდენად სუსტია, რომ ამ დონის მეტოქეებსაც კი ვერ უწევს წინააღმდეგობას.
„სქაი სპორტის“ ექსპერტმა თქვა: „მანჩესტერელები კარგ გუნდობასთან ახლოსაც არ არიან. როგორც კი ნახევრად კარგი გუნდი ხვდებათ, უჭირთ. რაც ეს სეზონი დაიწყო რამდენიმე ლამაზი გოლი გაიტანეს, მაგრამ თამაში არ უვარგათ.
მათი ფეხბურთი საყურებლად ულამაზოა. თუკი მოწინააღმდეგე თავმობმულია და არჩეულ სქემას მისდევს, ისინი ნაწილებად იშლებიან. ისინი ნაწილებად დაშალა „ევერტონმა“, „ასტონ ვილამ“, „ვილიარეალმა“, აგერ, დღეს „ლესტერმა“.
როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბურთს არ ფლობს, საერთოდ არაფრად ვარგა. თუ ბურთი მოწინააღმდეგეს აქვს, „იუნაიტედის” ფეხბურთელები მის დასაბრუნებლად პრესინგს ვერ თამაშობენ. ამ კომპონენტში „მანჩესტერი“ ლიდერთა შორის ყველაზე სუსტი გუნდია.
ახლა, რაც შეეხება შემადგენლობას. დღეს ჩვენ მოედანზე ერთად ვიხილეთ გრინვუდი, სანჩო, რონალდუ. პოგბა და ფერნანდეში. ისინი ხუთნი იყვნენ! ამ, შემტევი ფეხბურთელებით სავსე გუნდში მცველის პოზიციაზე დგომას ნამდვილად არ ვისურვებდი“.
არადა, უკვე სამი წელიწადი სრულდება რაც ოლე გუნარ სულშერი „მანჩესტერ იუნაიტედს“ უდგას სათავეში და ჯერ არაფერი მოუგია. ნევილი დარწმუნებულია, რომ ახლა მისი ყოფილი თანაგუნდელი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცევა.
„ლესტერთან“ განსაკუთრებით ცუდად ითამაშა „მანჩესტერ იუნაიტედის“ დაცვამ, რომელსაც რაფაელ ვარანი ხომ აკლდა და თითქოს ეს არ ეყოფოდაო, სულშერმა სამი კვირის უთამაშებელი ჰარი მაგუაირი გამოიყვანა.
თავად მწვრთნელმა თავი ასე იმართლა: „როდესაც შემადგენლობას ვასახელებდი და მაგუაირი ვახსენე, თავად ჰარის რეაქცია არ ჰქონია. ჩემდა თავად, ხელები ამიწევია. როგორც ჩანს რამდენიმე მცდარი გადაწყვეტილება მივიღე“.