სიგიჟე მოხდა ჩრდილოეთ ირლანდიის უმაღლეს ლიგაში, რომელსაც ინგლისისა არ იყოს პრემიერშიფი ჰქვია. „გლენტორანის“ მეკარემ აარონ მაკკერიმ მოედანზე თანაგუნდელი სცემა, რის გამოც გააძევეს.
„გლენტორანი“ „კოლერეინს“ ხვდებოდა (2:2), როდესაც მაკკერიმ გაშვებული გოლის გამო ბრაზი ბობი ბარნსზე გადმოანთხია — ჯერ დაარტყა და წააქცია, შემდეგ კი წაქცეულს მაისურში ჩაავლო ხელი. მსაჯმა მეკარე ცხადია გააძევა და მას „ოვალზე“ შეკრებილი მაყურებლის სტვენის თანხლებით მოუხდა გასახდელში შესვლა.
ყველას გასაკვირად, „გლენტორანის“ მწვრთნელმა მიკ მაკდერმოტმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მაკკერის დაცვა სცადა.
„მე მომენტი მხოლოდ აიპედით ვნახე და კადრი ვერ გავამსხვილე. ამიტომ, სანამ ჩვენი ანალიზური კამერებით ჩაწერილს არ ვნახავ, ვერაფერს ვიტყვი.
აარონი გასახდელში ამბობს, რომ ეს არ უნდა ექნა. ორივენი დაზაფრულები არიან, ამიტომ დამიჯერეთ, ამ კონფლიქტს მოვაგვარებთ.
ბობის ვკითხე. მან მითხრა, სახეში არ დაურტყამსო.
ორივე ზრდასრული ადამიანია. კი ბატონო, რაც მოხდა არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ახლა სხვა გზა არ არის, ცხოვრება უნდა განვაგრძოთ. მოკლედ, ამაში ახალი არაფერია. ორმა ფეხბურთელმა წაიჩხუბა. ასეთი რამ ადრეც მომხდარა“.