ინგლისური პრესა წერს, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ოლე გუნარ სულშერს უთხრა, ფიზიკურად მზად ვარ პრემიერლიგის ყველა შეხვედრაში თავიდანვე რომ ვითამაშოო.
პორტუგალიელ ვარსკვლავს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელისა და თავისი ყოფილი თანაგუნდელისთვის ამის თქმა იმიტომ დასჭირდა, რომ მან ორი კვირის წინ, „ევერტონთან“ შეხვედრაში, ის სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშა. რონალდუ სათადარიგოთა სკამზე იჯდა და 57-ე წუთზე ედინსონ კავანის ნაცვლად ჩაერთო შეხვედრაში.
„სანმა“ „იუნაიტედის“ თანამშრომლისგან შეიტყო, რომ მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი სულშერის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო.
„ოლემ მიიჩნია, რომ რონალდუ „ვილიარეალთან“ შეხვედრის შემდეგ დაღლილი იყო და გადაწყვიტა ის მეორე ტაიმის საწყის პერიოდამდე არ ეთამაშებინა. კრიშტიანუმ კი მას უთხრა, რომ პრემიერლიგის ყოველ შეხვედრაში სურს თამაში, ხოლო თუ დაიღლება, არ დაუმალავს.
მან აგრეთვე უთხრა, რომ „მანჩესტერში“ ჯილდოების მოსაგებად მივიდა, „იუნაიტედმა“ კი თავისი საუკეთესო ფეხბურთელები ყველა ტურში უნდა ათამაშოს.
ზემოთ „ვილიარეალთან“ შეხვედრა ვახსენეთ. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის მატჩი, რომელშიც კრიშტიანუმ 90+5-ე წუთზე გამარჯვების გოლი (2:1) გაიტანა.
„ევერტონთან“ თამაში კი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ვერ მოიგო — 1:1 ითამაშა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პორტუგალიელი იმდენად განაწყენებული გაეშურა გასახდელისკენ, რომ მისი გუნებ-განწყობის შემჩნევა ძნელი არავისთვის ყოფილა.
სულშერი: „მე მას მატჩამდეც ველაპარაკე და მატჩის შემდეგაც. მან მითხრა, რომ მზად იყო თამაშში მაშინ ჩართულიყო, როდესაც მე ვუხმობდი.
სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, რამაც კრიშტიანუ გააბრაზა. ეს ყველა ფეხბურთელისთვის ნაცნობი განცდაა და პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს“.
„ევერტონთან“ თამაში პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც სულშერმა რონალდუ თერთმეტეულს მიღმა დატოვა. „კარაბაოს“ ანუ იმავე ლიგის თასზე, როდესაც „იუნაიტედს“ „ვესტ ჰემმა“ 1:0 მოუგო, პორტუგალიელი საერთოდ არ იყო მოედანზე, თუმცა იმ შეხვედრაში მწვრთნელმა მთელი გუნდი დაასვენა.
როგორც „სანის“ წყარომ თქვა, სულშერისა და რონალდუს საუბარი სრულიად მშვიდობიანი იყო.
დღეს „მანჩესტერ იუნაიტედი“ სტუმრად თამაშობს „ლესტერთან“. მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე სულშერმა თქვა:
„კრიშტიანუ უნიკალური ფეხბურთელია და ჩვენ გვინდა ის ყოველ შეხვედრაში ვნახოთ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია — ადამიანი უკლებლივ ყველა შეხვედრაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ეს უბრალოდ ორგანიზმისა და ჯანმრთელობის ამბავია“.