ბრიტანეთისა და ირლანდიის ერთობლივი განაცხადი 2030 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე, სავარაუდოდ ვერ გაიმარჯვებს. ირკვევა, რომ უეფა ბრიტანეთსა და ირლანდიას ევრო 2028-ს სთავაზობს, ფიფამ კი ოღონდ მსოფლიოს ჩემპიონატს შეეშვით და სანაცვლოდ აგერ, უეფა ევროპის ჩემპიონატს მოგცემთო.

ირლანდიის მთავრობაში შეიტყვეს, რომ ფიფას 2030 წლის მუნდიალი ესპანეთისა და პორტუგალიისთვის უნდა.

„დეილი მეილი“ წერს, რომ ევრო 2028-ის ირლანდიასა და ბრიტანეთში ჩატარება დიდი შეღავათი იქნება თავად ირლანდიისა და გაერთიანებული სამეფოს ქვეყნებისთვის — შოტლანდიისთვის, უელსისთვის და ჩრდილოეთ ირლანდიისთვის.

მაგრამ, ჯერ უცნობია როგორ შეხვდება ფიფას ასეთ შეთავაზებას ინგლისი, რომელიც, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ზემოხსენებულ განაცხადში მთავარი ფიგურაა. ქვეყანას, რომელმაც ფეხბურთი მოიგონა ბოლოს და ბოლოს უნდა, რომ 64 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ უმასპინძლოს მსოფლიოს ჩემპიონატს.

დიდი შანსია, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას ევროპის მორიგი ჩემპიონატის მასპინძლობა, მითუმეტეს სხვასთან ერთად, არ ეპიტნავებოდეს. ევროპის ჩემპიონატი მუნდიალთან პრესტიჟულობით ახლოს ვერ მივა. თან, მსოფლიოს ჩემპიონატის ბრიტანეთში ჩატარებას თვით პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა გამოუცხადა სრული მხარდაჭერა. სხვა სიტყვებით, ფეხბურთის ასოციაცია, რომელსაც ინფრასტრუქტურა რეალურად ახლავე მზად აქვს, მარტო არ არის, ზურგს სახელმწიფო უმაგრებს.

თავის მხრივ, ფიფა-უეფას პოზიციაც გასაგებია. ფეხბურთის მმართველთ ყველაფრის ამთავითვე დალაგება და დროისა და რესურსების დაზოგვა უნდათ.

თუმცა, ჯერ პროცესი ადრეულ ეტაპზეა და კაცმა არ იცის რა ბედი ეწევა ესპანეთისა და პორტუგალიის განაცხადს. ინგლისს უარი რომ უთხრა, ის უნდა იყოს მაღალი დონის.