„შავმა ლომმა“ წარმატებით ჩაატარა „რაგბი ევროპის“ სუპერთასზე თავისი სადებიუტო მატჩი. პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი ისრაელის „თელ-ავივ ჰითს“ 33:10 მოერია, ბონუსი მოინადირა და სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე აინაცვლა.
პირველი ტაიმი 18:10 დასრულდა. ისრაელის ფრენჩაიზის ბირთვს საკმაოდ მაღალკვალიფიციური ლეგიონერები შეადგენენ – სამხრეთააფრიკელები, ფიჯელები, ინგლისელები, და პირველ ნახევარში მათ ჩვენს ბიჭებს შედარებით მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. თელავიველებმა ერთადერთი ლელო გაიტანეს, უფრო სწორად, რუსმა რეფერიმ უსამართლო საჯარიმო ლელო ჩაუთვალა, არადა სოსო მათიაშვილის მიერ წესების დარღვევის მომენტში სტუმართა ლელოს არაფერი მოასწავებდა.
ამას დაემატა ერთი საჯარიმო დარტყმაც. ეს იყო და ეს. დანარჩენ დროს ქართველები დომინირებდნენ.
აკა ტაბუცაძემ ფრენჩაიზის ეს სადებიუტო მატჩი ჰეთ-თრიქით აღნიშნა, ერთი ლელოც შალვა მამუკაშვილმა წაამატა, მათიაშვილმა და გიორგი ბაბუნაშვილმაც ნორმალურად ურტყეს კარში და ჯამში 33 ქულა მოგროვდა 4 ლელო მეტოქის ერთის წილ კი ბონუსს ნიშნავს, როგორც თავშივე ითქვა, „შავმალომმა“ 5 ქულა მიიღო და სატურნიროცხრილში მეორე ადგილზე „ენისეის“ კვალად დაფუძნდა. კრასნოიარსკელებმა თანამემამულე „ლოკომოტივ-პენზას“ ორივე მატჩი ბონუსით მოუგეს და 10 ქულით ლიდერობენ.
მომდევნო მატჩს „შავილომი“ სწორედ პენზაში ჩაატარებს. 23 ოქტომბრის შეხვედრა 19 საათზე დაიწყება.