ესპანური პრესა, თვით კატალონიურის ჩათვლით, ჩივის, რომ კილიან მბაპეს გოლი, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებს უეფას ერთა ლიგის ჩემპიონის ტიტული მოაგებინა, ოფსაიდიდან გავიდა; ყოველ შემთხვევაში, საეჭვო იყო.
VAR-მა ჩათვალა, რომ თუნდაც მბაპე თამაშგარე მდგომარეობაში იდგა, ბურთი ერიკ გარისიას მოხვდა და ისე მიუვიდა.
ასე იყო თუ ისე, მსაჯთა მრავალრიცხოვანმა ბრიგადამ გოლი, რომელიც მე-80 წუთზე გავიდა, ჩათვალა. მანამდე, 64-ე წუთზე მიკელ ოიარსაბალმა გახსნა ანგარიში, ორი წუთის შემდეგ კი ქარიმ ბენზემამ ულამაზესი დარტყმით გაქვითა.
საერთოდ, ეს მონაკვეთი ოიარსაბალის გოლამდე ცოტა ადრე დაიწყო და საფეხბურთო ესთეტებისთვის მთელს შეხვედრაში ალბათ საუკეთესო იყო. ყველაფერი მოედნის შუაში პოლ პოგბას მშვენიერი გარღვევით დაიწყო, რასაც შედეგად ის მოჰყვა, რომ ბენზემამ თეო ერნანდესს საჯარიმოში ჩინებული პასი მიაწოდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ძელს გაარტყა ბურთი. ამას, ფაქტობრივად გადაება მომენტი, როდესაც ესპანეთმა ანგარიში გახსნა. აქ, ადამიანს უნებურად გაახსენდებოდა გაცვეთილი და კაცმა არ იცის რამდენად მართალი გამოთქმა, თითქოს თუკი ხელსაყრელ მომენტს ხელიდან გაუშვებ, დაისჯები და მეტოქე აუცილებლად გაგიტანს. მაგრამ, საფრანგეთმა, კერძოდ ბენზემამ გადაწყვიტა მატჩის ეს ემოციური მონაკვეთი ამაზე არ დასრულებულიყო და ზემოთ ნახსენები ულამაზესი გოლი შეაგდო.
მბაპეს გოლის შემდეგ ესპანელებს კიდევ შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ უგო ლორისმა ორ ეპიზოდში საუცხოო თამაშით იხსნა კარი თითქოსდა გარდაუვალი გოლისგან.
ამრიგად, უეფას ახალ შეჯიბრებას, ერთა ლიგას, მეორე გამარჯვებული ჰყავს. პირველი იყო პორტუგალია, ახლა კი მას საფრანგეთი დაემატა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ვეტერანი სერხიო ბუსკეტსი დაასახელეს. მატჩის დამთავრების შემდეგ მან თქვა:
„მსაჯმა გვითხრა, რომ ერიკს პასის ჩაჭრა უნდოდა, ბურთს შეეხო და ოფსაიდი ამის გამო არ დაფიქსირდა. არადა, მბაპე თამაშგარე მდგომარეობაში იდგა. ამ პასის ჩაჭრას აზრი არც ჰქონდა“.