ისე მოხდა, რომ მე-6 ტურის შემდეგ საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგაში ერთბაშად სამი გუნდი გალიდერდა.
23-23 ქულა „მონ-დე-მარსანს“, „კოლომიესა“ და „ბაიონს“ აქვთ. პირველი მათგანი აქამდე ერთპიროვნულად ლიდერობდა და ხუთივე მატჩი მოგებული ჰქონდა, მაგრამ გასულ ტურში მონტუაზელები ოიონაში 19:36 დამარცხდნენ, მეტოქეს ბონუსიც დაუტოვეს, ხოლო მათი ქართველი ბურჯი ლაშა მაჭარაშვილი მარქაფიდან თამაშში უიღბლოდ ჩაერთო. 54-ე წუთზე შესულმა 8 წუთში ყვითელი ბარათი მიიღო და მისი სინბინის მიმდინარეობისას სტუმრებმა ორი ლელო გაუშვეს.
„კოლომიემ“ ნევერში 17:19 წააგო და „მონ-დე-მარსანს“ სანუგეშო ბონუსის ხარჯზე დაეწია. არც „კოლომიეში“ და არც „ნევერში“ ქართველებს არ უთამაშიათ.
„ბაიონს“ კი „ბეზიესთან“ საშინაო მატჩის მოგება უკიდურესად გაუჭირდა. ბასკებმა 20:16 იმარჯვეს, ხოლო ბორჯღალოსანმა კოტე მიქაუტაძემ მათ რიგებში პირველიდან 45-ე წუთამდე ითამაშა. დამარცხებულთა სასტარტოში გიორგი ახალაძე იყო, ვინც 66-ზე ტრავმამოშუშებულმა ჟორჟი სალდაძემ ჩაანაცვლა. ჟორჟისთვის ეს იყო პირველი მატჩი მიმდინარე სეზონში. „ბეზიემ “ მცირე სხვაობით მარცხისთვის ბონუს-ქულა მიიღო.
კარლენ ასიეშვილის „რუანმა“ შინ „გრენობლთან“ ასევე 1 სანუგეშო ქულა მიიღო – 16:21. ვეტერანმა ბორჯღალოსანმა პირველიდან 45-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ალპელთა სასტარტოში ლუკა გოგინავა გახლდათ, ვინც 53-ე წუთზე დაასვენეს. იმავე წუთზე თამაშში ილია კაიკაციშვილი ჩაერთო.
„მონტობანმა“ მაჩანჩალა „ვანს“ 25:19 მოუგო და ამ მოგებაში 28-წუთიანი წვლილი მირიან ბურდულმაც შეიტანა (52-80 წუთები).
ბოლოსთვის კი ყველაზე „ქართველუხვი“ მატჩი მოვიტოვეთ. „ორიაკმა“ „ბრესანს“ უმასპინძლა და 26:12 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტოში 4 ჩვენებური იყო, ერთიც შეცვლაზე შევიდა, ხოლო სტუმრებში ერთი ქართველი მორაგბე იყო.
„ორიაკში“ ლუკა ნიორაძემ პირველი ტაიმი ითამაშა, გიორგი ქართველიშვილმა – საწყისი 58 წუთი, ბირჯღალოსანმა გიორგი ცუცქირიძემ – პირევლიდან 45-მდე, ხოლო ფულბექ გიორგი გოგოლაძეს, წესით შეუცვლელად უნდა ეთამაშა, მაგრამ 51-ე წუთზე მას „ტვინის შერყევის პროტოკოლის“ ძალით თამაშიდან 10 წუთით გამოსვლა მოუხდა. კიდევ ერთი ორიაკელი ბორჯღალოსანი გიორგი ჯავახია ტრავმის მოშუშების შემდეგ დაბრუნდა და 52-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, თუმცა ბოლო წამებზე კვლავ დაშავდა და მინდორი დატოვა. „ბრესანის“ ბურჯმა ვაჟა კაპანაძემ კი პირველიდან 56-ე წუთამდე ითამაშა.