ზუსტად 20 წელი გავიდა მას მერე, რაც დევიდ ბექემმა საბერძნეთის ნაკრებთან შესარჩევი შეხვედრის წამატებულ დროში უზადო საჯარიმო დარტყმით ინგლისის ნაკრებს მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის საგზური მოუტანა. და ეს საჯარიმო დარტყმა ინგლისური ფეხბურთის ლეგენდარული ეპიზოდების ნუსხაში მოხვდა. მიზეზი: მომენტის დრამატიზმი და დარტყმის ეფექტურობა.

ამბავი „ოლდ ტრეფორდზე“ მოხდა. მაშინ ბექემი ინგლისელ გულშემატკივართა ნომერ პირველ მტრად ითვლებოდა. მან 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, არგენტინასთან მერვედფინალურ შეხვედრაში, „ატლეტიკოს“ დღევანდელ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს ძიძგილაობის ეპიზოდის გაფორმების, მსაჯის შეცდომაში შეყვანის, მისი მოედნიდან გაგდებისა და გუნდის უმცირესობაში დატოვების საშუალება მისცა. დრამატული და სანახაობრივად არაჩვეულებრივი თამაში დამთავრდა 2:2, პენალტებში კი არგენტინამ გაიმარჯვა.

46 წლის ვეტერანი, რომელიც გამორჩეული საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კლუბის მეპატრონის, მოდის ბიზნესმენის და ქველმოქმედის წარმატებულ ცხოვრებას განაგრძობს, ძველ ამბავს ასე იხსენებს:

„ეს იყო მომენტი, როდესაც ინგლისელმა ქომაგებმა რამდენიმე წლის წინანდელი შეცდომა მაპატიეს. პირადად ჩემთვის ძველი ცოდვის გამოსყიდვა იყო. საბერძნეთთან გატანილი გოლის შემდეგ, 98-ის ჩემპიონატზე გაძევება აღარავის შეუხსენებია.

მაშინ ვიგრძენი, თუ რას ნიშნავს ნამდვილი ინგლისელი ფანი. მათ, ვისაც რამდენიმე წლის განმავლობაში ვაღიზიანებდი, თითქოს ერთ წამში თქვეს: Ok, ამიერიდან შეგვიძლია ცხოვრება ძველებურად განვაგრძოთ.

ჩემთვის ეს საგანგებო მომენტი იყო“.

ასე მოკრძალებულად ლაპარაკობს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, რომელსაც ნაკრების შემადგენლობაში, 115 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ეროვნულ გუნდში ნათამაშევი მატჩების რაოდენობით ის ინგლისში მესამეა. საკლუბო დონეზე არის ჩემპიონთა ლიგის მფლობელი. ინგლისის ექვსგზის, ხოლო ესპანეთისა და საფრანგეთის თითო გზის ჩემპიონი. 1999 და 2001 წლებში ის იყო მსოფლიოს მეორე(!) ფეხბურთელი, რომელიც  გამოდიოდა ისეთ კლუბებში, როგორებიცაა „მანჩესტერ იუნაიტედი“, „რეალი“, „მილანი“, „პარი სენ ჟერმენი“.

ბოლოს ბექემმა დასძინა: „საბერძნეთთან გოლი გავიტანე ჩემს საყვარელ სტადიონზე, „ოლდ ტრეფორდზე“, თან მაშინ, როდესაც ჩემი ქვეყნის ნაკრების კაპიტნის სამკლავური მეკეთა. დღემდე ვამაყობ ამით“.